რკინიგზით მგზავრობის ხვედრითი წილი 2004-2010 წლების პიკურ პერიოდთან შედარებით (საშუალოდ 9.6%), 2020-2022 წლებში განახევრდა (საშუალოდ 4.4%), - ამის შესახებ გარემოსდაცვითი ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივა იუწყება. ორგანიზაციის ცნობით, რკინიგზით მგზავრების გადაყვანის შემცირება, პანდემიის შემდეგ რამდენიმე მნიშვნელოვანი სარკინიგზო მარშრუტის გაუქმებას უკავშირდება. მათივე განმარტებით, მარშრუტების გაუქმებით მოსახლეობამ დაკარგა ხელმისაწვდომი და ზოგიერთ შემთხვევაში გადაადგილების ერთადერთი საშუალება.

როგორც რკინიგზის საკითხების ექსპერტი დათო გოჩავა მიიჩნევს, ეს მონაცემები აჩვენებს, რომ  "საქართველოს რკინიგზა" არაა მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანია.

"საინტერესო ისაა, რომ "რკინიგზის სააგენტომ" სწორედ მგზავრთა გადაყვანის სფეროში 'საზოგადოებრივი მომსახურების გაწევის ვალდებულების კონტრაქტის' ფარგლებში რამდენიმე მილიონი გადასცა რკინიგზას, რაც დანაშაულია. მაგრამ ეს ცხადყოფს, რა არის სტრატეგიული მიზანი სარკინიგზო კომპანიაში. ფუნდამენტური ცვლილებები რკინიგზაში, როგორც ქვეყანაში, გარდაუვალია," - ამბობს დავით გოჩავა.

"მწვანე ალტერნატივის" შეფასებით, ტყიბულის მოსახლეობა, მაგალითად, იხსენებს, რომ მატარებელი ერთმანეთთან აკავშირებდა სოფლების მოსახლეობას და მათ ტვირთის მარტივად გადატანის შესაძლებლობას აძლევდა.

“მატარებელი ძალიან კარგი იყო, ქუთაისამდე დადიოდა და ხალხს გასაყიდი ტვირთი დაჰქონდა - მარშუტკით ვერ წაიღებ. [მატარებელი] არამომგებიანია თქვეს და გააუქმეს, ხალხისთვის კი იყო მომგებიანი! საწირის იქით სოფლებია: დაბაძველი, ძუყნური, სოჩხეთი, ცუცხვათი. მარშუტკა ტყიბულიდან ამ სოფლებში საერთოდ არ დადის. ორშაბათს და პარასკევს დადის მარტო, მანამდე მოწყვეტილი არიან მთელ სამყაროს, იქნება მინდა წამოსვლა და რაღაცის ყიდვა სოფლიდან. მაშინ იმგენს მატარებელიც ემსახურებოდა და გადაადგილდებოდნენ კარგად, ახლა არც ავტობუსია და არც მატარებელი“  - ამბობს ადგილობრივი.