6 აპრილს, ტაივანის პრეზიდენტმა ლაი ჩინგ-ტემ აშშ-ს სავაჭრო მოლაპარაკებების დაწყება შესთავაზა და პირობა დადო, რომ ტაივანი საპასუხო სავაჭრო ბარიერებს არ დააწესებს, პირიქით მათ მოხსნაზე იმუშავებს და ტაივანური კომპანიები აშშ-ში ინვესტიციებს გაზრდიან. ლაიმ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების საწყისი წერტილი "ნულოვანი ტარფიები" უნდა იყოს.

დონალდ ტრამპმა ტაივანს, რომელსაც აშშ-თან მნიშვნელოვანი სავაჭრო პროფიციტი აქვს, მის პროდუქციაზე 32%-იანი ტარიფი დააწესა. აღსანიშნავია, რომ ეს ტარიფები არ ვრცელდება ნახევარგამტარებზე - ტაივანის ერთ-ერთ მთავარ საექსპორტო პროდუქტზე.

"ტარიფებზე მოლაპარაკებები ტაივანსა და აშშ-ს შორის 'ნულოვანი ტარიფებით' შეიძლება დაიწყოს - აშშ-კანადა-მექსიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მაგალითის მიხედვით" - თქვა ლაიმ ვიდეომიმართვაში, რომელიც მისმა ოფისმა გაავრცელა მას შემდეგ, რაც მან მცირე და საშუალო ბიზნესის ხელმძღვანელებს თავის რეზიდენციაში უმასპინძლა.

ლაიმ თქვა, რომ ტაივანის ეკონომიკა, რომელიც დიდწილად ვაჭრობაზეა დამოკიდებული, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება ტარიფების გამო, თუმცა მან მიიჩნია, რომ ზემოქმედება მინიმუმამდე შეიძლება შემცირდეს.

მან ასევე აღნიშნა, რომ ტაივანს არ აქვს ტარიფებზე საპასუხო ნაბიჯების გადადგმის გეგმები და ტაივანურ კომპანიებს არ შეუმცირდებათ ინვესტიციების მოცულობა აშშ-ში, თუ ეს ინვესტიციები ტაივანის ინტერესებს ემსახურება. მან ასევე თქვა, რომ ტაივანური კომპანიები, ტაივანის ნახევარგამტარების მწარმოებელი კომპანიის TSMC-ის მსგავსად, მეტ ინვესტიციას შეიტანდნენ აშშ-ში.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2 აპრილს ათეულობით სავაჭრო პარტნიორი სახელმწიფოს წინააღმდეგ "საპასუხო ტარიფები" გამოაცხადა, რის მიზეზადაც მან წლობით არსებული "არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკები" დაასახელა.

ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ ყველა სახელმწიფოს, მათ შორის, საქართველოსაც, საბაზისო, 10%-იან ტარიფს დაუწესებს, ხოლო ზოგიერთი მათგანისთვის უფრო მკაცრი ტარიფებია გათვალისწინებული, მათ შორის, დამატებით 34%-იანი ტარიფი ჩინეთზე, 20%-იანი ევროკავშირზე, 46%-იანი ვიეტნამზე და 32%-იანი ტარიფი ტაივანზე.

tabula.ge