რუსეთის რკინიგზის არსებული ფინანსური მდგომარეობა, ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა უარყოფითი შედეგი მოუტანა ომმა, რუსეთის ერთ – ერთ უდიდეს და უმდიდრეს კომპანიას – რუსეთის რკინიგზას.
მხოლოდ ერთ წელიწადში, რუსეთის რკინიგზის წმინდა მოგება თითქმის 9 ჯერ შემცირდა, კერძოდ, რუსეთის რკინიგზის წმინდა მოგება 2023 წელს 118.3 მილიარდი რუბლიდან, 2024 წელს – 13.9 მილიარდ რუბლამდე შემცირდა.
რუსეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს მიერ, 891 მილიარდი რუბლის ოდენობით 2025 წელს დამტკიცებული საინვესტიციო პროგრამა, 40 % ით ჩამორჩება 2024 წლის საინვესტიციო პროგრამას.
რუსეთის რკინიგზა სისტემურ კრიზისში იმყოფება – 300 000 ერთეული ვაგონი, სარკინიგზო ქსელზე უმოქმედოდაა მოფენილი, რკინიგზა პერსონალის მწვავე დეფიციტს განიცდის, რითაც სისტემატიურად ირღვევა მატარებლების მოძრაობის გრაფიკი, ყოველივე ამას ემატება, ზედიზედ ბოლო 20 თვის განმავლობაში გადაზიდვების მოცულობის მკვეთრი ვარდნა.
რუსეთის რკინიგზის კრიზისის გავლენა გადაზიდვებზე – რუსეთის რკინიგზა ბოლო ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ კრიზისს განიცდის. დაახლოებით 300 000 ვაგონი – ერთიანი სავაგონო პარკის 20 % – უმოქმედოდაა მიმოფანტული სარკინიგზო ქსელზე, რითიც ავტომატიურად ხერგავენ სასადგურო ლიანდაგებს, დამხარისხებელ სადგურებს და დეპოებს. დაცლის მოლოდინში მთელი შემადგენლობები თვეების განმავლობაში მიტოვებულ მდგომარეობაშია.
სიტუაციას ამძიმებს ლოკომოტივების დეფიციტი და პერსონალის მასობრივი გადინება. ზოგიერთ ქვედანაყოფში დასაქმებულთა რაოდენობა ნორმაზე 60 % ით ნაკლებია. ვინაიდან რუსეთის რკინიგზა, ქვეყნის საერთო სატრანსპორტო გადაზიდვების 47% ს ახორციელებს – რკინიგზის სისტემური კოლაფსი, რუსეთის ეკონომიკასა და სამხედრო ლოჯისტიკაზე პირდაპირ გავლენას ახდენს.
2024 წელს ტვირთბრუნვა 2021 წელთან შედარებით 8 % ით შემცირდა, რაც 2009 წლის კრიზისის შემდეგ ყველაზე დიდი ვარდნაა.
2025 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში ტვირთბრუნვა დამატებით 7 % ითაა შემცირებული.
უკრაინის წინააღმდეგ წარმართულმა ომმა სატრანსპორტო ნაკადების გადაწყობა გამოიწვია – კრიზისის მთავარ მიზეზად უკრაინის წინააღმდეგ ომი სახელდება. ევროპასთან სანქციებმა ვაჭრობის დიდი ნაწილი შეწყვიტა, უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტებში ტვირთბრუნვა შეამცირა. ტრანსციმბირული და ბამის სარკინიგზო მარშრუტები ამჟამად თითქმის მთლიანად სამხედრო ტვირთებით არის დაკავებული.
მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო გადაზიდვები, რომლებიც კლასიფიცირდება, როგორც „სხვა სახის ტვირთი“, 2022 წლიდან იზრდება, მათი მოცულობები საკმარისი არ არის შემცირებული ტვირთბრუნვის კომპენსაციისთვის.
სანქციებმა ძირითადი საქონლის ექსპორტი შეამცირა -დასავლეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმა ძლიერი დარტყმა მიაყენა არაერთ სასაქონლო ჯგუფს. ასე მაგალითად, ხე – ტყის ექსპორტი – 18 % ით შემცირდა, შავი ლითონების – 8 % ით, მადნისა და ქვანახშირის – 5 %-ით.
2022 წლიდან დასავლური კომპანიების რუსეთის ბაზრიდან გასვლამ, მათ მიერ გამოშვებული პროდუქცია 14 % ით შეამცირა, რამაც ბუნებრივია ნეგატიურად იმოქმედა რკინიგზის ტვირთბრუნვაზე.
საგულისხმოა, რომ არასანქცირებული ტვირთებიც კი კლებას განიცდის. სასუქების გადაზიდვები 7 % ით შემცირდა, მარცვლეულის ექსპორტი 2025 წლის პირველ ნახევარში ხორბლის მოსავლის არარენტაბელურობის გამო მესამედით შემცირდა. ქვეყანაში მშენებლობის ტემპების შენელებამ – ლითონის, ცემენტის და სხვა სამშენებლო მასალების გადაზიდვებზე მოთხოვნა დააგდო.
პერსონალის დეფიციტმა გადაზიდვების პროცესის პარალიზება გამოიწვია – უპრეცედენტოა პერსონალის კრიზისი. საომარ მოქმედებებში რკინიგზის მუშაკების რეკრუტირების გამო, ყოველდღიურად 2500 მემანქანისა და სალოკომოტივო ბრიგადის 3000 წევრის დეფიციტი შეიმჩნევა, რაც იწვევს დღეში 200 სამატარებლო მარშრუტის გაუქმებას.
რკინიგზის მუშაკების დაბალი ხელფასები, რთული სამუშაო პირობები და მაღალი დატვირთვა, მუშაკებს დარგიდან წასვლას აიძულებს. პერსონალის გადინების გამო ზოგიერთ რეგიონში სიტუაცია კოლაფსის პირასაა, ანალოგიური შეფერხებები მთლიან სარკინიგზო ქსელზე ვრცელდება.
ლოკომოტივების წარმოება მცირდება – ელმავლების წარმოების გაზრდასთან დაკავშირებით, მიუხედავად მთავრობის განკარგულებისა, ლოკომოტივების წარმოება მცირდება.
2025 წლის იანვრიდან აპრილამდე ელექტრო ლოკომოტივების წარმოება 13 % ით შემცირდა, დიზელის ლოკომოტივების – 6 % ით. ფინანსების უკმარისობის გამო ვაგონების დროული რენოვაცია არ ხდება და ქარხნებში ათასობით ვაგონი უმოქმედოდ რჩება.
ეკონომიკის უმაღლესი სკოლის ექსპერტმა, ფარიდ ხუსაინოვმა, ჟურნალ „RZD – Partner“ ისთვის გამოქვეყნებულ სვეტში გამოთვალა, რომ 2010 წლიდან 2023 წლამდე ლოკომოტივების პარკის ზრდის ტემპი თითქმის ოთხჯერ ჩამორჩა რკინიგზაზე დატვირთვის ზრდას.
ტარიფების ზრდა – რეკორდულად იმატა გადაზიდვის ტარიფებმა, რამაც ბევრი გადამზიდავი აიძულა, საავტომობილო ტრანსპორტზე გადასულიყო, რამაც დააჩქარა რკინიგზიდან კლიენტების გადინება.
სარკინიგზო დარგის პერსპექტივები – ეკონომისტების ვარაუდით, ომის დასრულებისა და სანქციების მოხსნის შემთხვევაშიც კი, რუსეთის რკინიგზის აღდგენა ნელი ტემპით განხორციელდება.
ექსპორტის შემდგომი შემცირებით, სამხედრო ოპერაციის გაგრძელებით და სანქციების შენარჩუნებით, რკინიგზის ტვირთბრუნვის წლიურმა შემცირებამ შესაძლოა 5 % ს გადააჭარბოს. თუ ტვირთბრუნვის მოცულობები წელიწადში 5 – 7% ით შემცირდება, ეს რუსეთის რკინიგზას ძალიან რთულ ფინანსურ მდგომარეობაში ჩააყენებს.
ანალიტიკოსები სტრუქტურული რეფორმების გარეშე – მარშრუტების შესაძლო დახურვას, აქტივების გაყიდვას და ტარიფების შემდგომ ზრდას პროგნოზირებენ.
საკადრო პერსონალის სასწრაფო დაკომპლექტების, ლოკომოტივების წარმოების გაზრდისა და ინფრასტრუქტურაში მიზანმიმართული ინვესტიციების გარეშე, რუსეთის სარკინიგზო სფერო ახლო მომავალში კოლაფსის წინაშე აღმოჩნდება.