პლებისციტი ევროკავშირში გაწევრიანებაზე - კობახიძე ამბობს, რომ "ზოგადად, გამოკითხვა ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით შეიძლება ჩატარდეს". ამის შესახებ "ოცნების" პრემიერმა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ინიციატივასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"ქართულ ოცნებასთან" აფილირებული პოლიტიკური მოძრაობა "ნეიტრალური საქართველო" ითხოვს, რომ 4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად "ევროპერსპექტივის" შესახებ პლებისციტი გაიმართოს. პოლიტიკური მოძრაობის განცხადებით, უნდა გაიმართოს პლებისციტი, რომელშიც მოქალაქეებს დაუსვამენ კითხვას - ხართ თუ არა მომხრე, ლგბტ პროპაგანდის ხელშეწყობისა და ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების სანაცვლოდ მოხდეს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება?!
ირაკლი კობახიძე ისევ დასავლეთის წინააღმდეგ ისევ იგივე რიტორიკას ავითარებს და ამბობს, რომ ევროინტეგრაციის სანაცვლოდ ულტიმატუმები მიუღებელია - "ერთ მხარეს გიყენებენ ტრადიციულ ფასეულობებს, ოჯახურ ღირებულებებს, არასრულწლოვანთა ინტერესებს და მეორე მხარეს ევროინტეგრაციას".
„ზოგადად, ჩვენთვის მიუღებელია ასეთი ულტიმატუმები, როდესაც ერთ მხარეს გიყენებენ ტრადიციულ ფასეულობებს, ოჯახურ ღირებულებებს, არასრულწლოვანთა ინტერესებს და მეორე მხარეს ევროინტეგრაციას. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ასეთი დილემებით უნდა ესაუბრებოდნენ ჩვენს საზოგადოებას, რომ ან უარი უნდა თქვა ევროინტეგრაციაზე ან უარი უნდა თქვა ტრადიციულ ფასეულობებზე - ეს არ არის სწორი დილემა და ჯანსაღი დილემა, შესაბამისად, საკითხი, თავისთავად, აქტუალურია.
ჩვენ ვხედავთ, რა მძიმე ტენდენციებია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყველა თვალსაზრისით, მათ შორის, როგორ აისახება პროპაგანდა სტატისტიკაზე ნეგატიური მიმართულებით. ბუნებრივია, ჩვენ გვჭირდება ამის პრევენცია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის და ამას ემსახურებოდა ამ კანონების მიღება. თუ ეს კანონები არ არის აქტუალური და რელევანტური, მაშინ რატომ დარდობენ ამ კანონების მიღების გამო? სინამდვილეში, ეს კანონები არის ეფექტიანი და ეს კანონი ეფექტიანად უზრუნველყოფს რისკების პრევენციას და სწორედ ამიტომ დარდობენ ის ძალები და ადამიანები, რომლებიც საქართველოში აწარმოებენ მანკიერ პროპაგანდას და არა მარტო საქართველოში, ამიტომ, ეს კანონები უნდა დარჩეს ძალაში”, - განაცხადა კობახიძემ.