კერძო ბიზნესს ახლა ყველაზე მეტად ფინანსებზე წვდომა უჭირს. ანალოგიური პრობლემა იყო პანდემიის პერიოდში და უკვე ახლაც, რაზეც მხოლოდ პოლიტიკური ვითარება არ მოქმედებს. მსოფლიოში რეცესიის ნიშნებია, ბიზნესს შეიძლება პრობლემა შეექმნას. მოთხოვნის თვალსაზრისით პრობლემაა ყველა დარგში, რომლის საქმიანობაც პირდაპირ თუ ირიბად სამშენებლო ბიზნესს უკავშირდება. ასევე ტურიზმის ინდუსტრიაში და წარმოების სხვადასხვა სფეროში.

როგორც მცირე და საშუალო ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარემ მიხეილ ჭელიძემ განაცხადა, ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა ყველა ბიზნესისთვის პრობლემურია.

„სექტორულად თუ განვიხილავთ, დეველოპერულ პროექტებში ვინც არიან ჩართულები, მათ აშკარად აქვთ პრობლემა, რადგან ბანკებმა გააჩერეს დაკრედიტება იქიდან გამომდინარე, რომ ბაზარზე უძრავი ქონების დიდი მიწოდებაა.

დაახლოებით 12% აქვთ პორტფელში ბანკებს იპოთეკური სესხები გაცემული, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია, რადგან, ზოგადად, 5-6%-ის ფარგლებშია ხოლმე. ბანკებმა შეაჩერეს დაკრედიტება, რომ ბაზარი, გარკვეულწილად, დასტაბილურდეს და ფასი არ დაეცეს. უძრავ ქონებაზე მოთხოვნა შემცირებულია, მიწოდება და რისკები კი გაზრდილია. ისეთ სამშენებლო ბიზნესს, რომელიც უკვე დაფინანსებულია, შესაძლოა, ლიკვიდობის პრობლემა შეექმნას, აქედან გამომდინარე, დაკრედიტება შეაჩერეს“, - აღნიშნა ჭელიძემ.

პრობლემები არსებობს ტურიზმის სექტორშიც, თუმცა მიმდინარე წლისთვის ცუდი მოლოდინი არ აქვთ. „ტურიზმის სექტორს ვინც ემსახურება, მათ აქვთ გარკვეული პრობლემები. ეს გამოწვეულია იმით, რომ სასურველი სეზონი არ იყო, შემდეგ დაემთხვა პოლიტიკური მოვლენები და მხარჯველუნარიანი ტურისტის შემოდინება შემცირდა. კაფეებსა და რესტორნებს სერიოზულად იკლო რეალიზაციამ, თუმცა ეს გარდამავალი პროცესია, ვესაუბრეთ ტურიზმის ასოციაციას და მოლოდინი წლევანდელ სეზონზე არ არის „ცუდი“, - განუცხადა მიხეილ ჭელიძემ „ბიზნესპრესნიუსს“.

არსებული ვითარების ფონზე სპეციალისტებს ეკონომიკური ზრდის შესახებ ოფიციალური სტატისტიკა გადაჭარბებულად მიაჩნიათ. როგორც აფბა-ს ვიცე-პრეზიდენტმა პაატა ბაირახტარმა აღნიშნა, მაკროეკონომიკური პარამეტრები და საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებული მონაცემები შეუსაბამოა. ბიზნესის მთავარ პრობლემად ანალიტიკოსი მოთხოვნის კლებას მიიჩნევს.

,,ბუნებრივია, კომერციულ ბანკებს დაკრედიტება მნიშვნელოვნად აქვთ შემცირებული. მათ შორის სამშენებლო კომპანიების მიმართ, მაგრამ მთლიანად ბიზნესის სექტორს ეს არ ეხება. ბანკები გარკვეულ სიფრთხილეს იჩენენ და ეს არც არის გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ პოლიტიკურ ვითარებას, ბანკების ქმედება არ არის გასაკვირი. ამასთან, მაკროეკონომიკური პარამეტრები მნიშვნელოვნად გაუარესებულია, ხოლო ანომალიაა, როცა ასეთ ფონზე ეკონომიკა იზრდება. მთავრობა მუდმივად გვიჩვენებს განსხვვებულ ეკონომიკურ მონაცემებს, რაც  მაკროეკონომიკურ პროცესებთან თანხვედრაში არ მოდის და გაურკვევლობას იწვევს", - აღნიშნა ანალიტიკოსმა.

მისი თქმით, ტურიზმის სფეროში აზიურ ბაზრებზეც გადართვა პირდაპირ მანიშნებელია, რომ დარგი სტაბილურობის შენაჩუნებას ცდილობს.

,,ჩვენ გვაქვს მოთხოვნის შემცირება ყველა სექტორში. ყველაზე აშკარად ეს ჩანს დეველოპერულ სექტორთან მიმართებაში, პრაქტიკულად გაჩერებულია ამ დარგის დაკრედიტრება. სხვა სექტორების მიმართ კომერციული ბანკები ასეთ გადამეტებულ სიფრთხილეს არ იჩენენ. ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ასევე ბევრ პრობლემაზე მიუთითებენ, აზიურ ბაზრებზე გადაერთვნენ, რითაც სტაბილურობის შენარჩუნებას ცდილობენ. ბუნებრივიცაა, დაძაბული ფონია ქვეყანაში და ტურისტებისთვის ქვეყანა ისეთი მიმზიდველი არ არის, როგორიც წლების წინ იყო", - ამბობს პაატა ბაირახტარი.

ერთ-ერთი გამოწვევა, რასაც დღეს  ქართული ტურიზმი აწყდება, მხარჯველუნარიანი ტურისტების დიდი სიმცირეა. როგორც რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ  აღნიშნა, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ბოლო წლებში განვითარებული ტენდენციაა, რის გამოც ევროპელი ტურისტების რაოდენობა შემცირდა, ხოლო აზიური ქვეყნებიდან შემოსულ მოქალაქეებს სექტორი განსხვავებულ მომსახურებას სთავაზობს და  ევროპული ღირებულებებისგან იგი რადიკალურად განსხვავებულია.

შესაბამისად, ეს ყველაფერი ტურისტული ინდუსტრიის საქმიანობაზე უარყოფითად აისახება და საბოლოოდ ბანკებთან ურთიერთობაზეც მოქმედებს.

,,სექტორში გაურკვევლობაა და ეს საბოლოოდ ყველაფერზე მოქმედებს. რა პრობლემაც დღეს ბიზნესშია, ყველაზე უკეთ საბანკო სისტემა გრძნობს. ნამდვილად არ არის ისეთი საყურადღებო ვითარება, როგორც სამშენებლო ბიზნესში, მაგრამ სტაბილურობაც ნაკლებადაა. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ ვითარების შეცვლა რაღაც იმ მიმართულებით, რომ მეტი სიცხადე იყოს. ელემენტარულად, უცნობია, სად მივდივართ, ვინ ვართ, რას ვაკეთებთ და რა არის ჩვენი მომავალი. დაახლოებით 8 თვის წინ ჩვენ შეგვეძლო თქმა, რომ მივდიოდით ევროპისკენ, მაგრამ ახლა ეს იცვლება და ბიზნესმა არ იცის რა მოხდება, რაც განვითარებისთვის დამაბრკოლებელია", - განაცხადა ბურჯანაძემ და იმ პრობლემაზეც ისაუბრა, რასაც ტურისტული ინდუსტრია აზიურ ვიზიტორებთან მიმართებაში განიცდის.

,,ნებისმიერ ვითარებაში, როცა იწყება ჩანაცვლება, მას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები ახლავს. აზიის მიმართულება ბოლო დროს საკმაოდ პოპულარულია საქართველოში, მაგრამ მას სხვა მოთხოვნა აქვს. ჩვენ ვართ ღვინის და კულინარიის ქვეყანა და როცა აზიელი ტურისტი საქართველოს სტუმრობს, მისი დამოკიდებულება ამ ღირებულებებთან გაურკევეველია.

რაოდენობრივ ჭრილში თუ განვიხილავთ, 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით ტურისტი მეტი იყო, მაგრამ შემოსავალი -  ნაკლები. მივაღწიეთ და მაღალმხარჯველი ტურისტის მოზიდვა მიზნად დავისახეთ. გარკვეულ შედეგს მივაღწიეთ. ცხადია, როცა ტურისტი ცოტას მხარჯველია, მაშინ სერვისის განვითარება ვერ ხდება და პროპორციულადაც ყველაფერი ვერ დარჩება ისე, როგორ იყო", - ამბობს შოთა ბურჯანაძე.

წყარო: ,,რეზონანსი"