როგორ მოვიზიდოთ მეტი ახალგაზრდა ბუნდესვერში? ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ბერლინში ამჟამად მიმდინარე კოალიციურ მოლაპარაკებებზე. კონსერვატიული პოლიტიკური ალიანსი „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“/„ქრისტიან-სოციალური კავშირი“ (ქდკ/ქსკ) აცხადებს, რომ სიამოვნებით აღადგენს სავალდებულო სამხედრო სამსახურს, თუმცა, მისი სავარაუდო კოალიციური მოკავშირე, სოციალ-დემოკრატიული პარტია (სდპ) სკეპტიკურადაა განწყობილი.
„მამაკაცებს თვრამეტი წლის ასაკიდან შეიძლება დაეკისროთ შეიარაღებულ ძალებში [...] სამსახურის ვალდებულება“. ასეთი ჩანაწერი არსებობს გერმანიის კონსტიტუციის 12ა მუხლში. სავალდებულო სამხედრო სამსახური 2011 წელს შეჩერდა, როდესაც ქვეყნის თავდაცვის მინისტრი კარლ-თეოდორ ცუ გუტენბერგი („ქრისტიან-სოციალური კავშირი“) იყო. თუმცა, მხოლოდ შეჩერდა და არ გაუქმებულა. შესაბამისად, მისი რეაქტივაცია შესაძლებელია. სწორედ ამას გვთავაზობს ქდკ/ქსკ-ს საპარლამენტო ჯგუფი.
კონრად კორნერი ქდკ/ქსკ-ს საპარლამენტო ფრაქციის ახალგაზრდული ჯგუფის წევრია. „ბავარიის რადიოსთან“ („Bayerischer Rundfunk“ - BR24) ინტერვიუში ის უსაფრთხოების სფეროში შექმნილ დაძაბულ მდგომარეობაზე აკეთებს აქცენტს, რაშიც ის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას გულისხმობს. „ქვეყნის დაცვაში დღეს ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს. სამხედრო ან სამოქალაქო სამსახური ბევრ ხანდაზმულს აქვს გავლილი. მათთან ერთად პასუხისმგებლობა ახალგაზრდა თაობამაც უნდა აიღოს“, - ამბობს დეპუტატი ერლანგენიდან.
სავალდებულო სამხედრო სამსახური: სოციალ-დემოკრატიული პარტია მუხრუჭს აწვება
თუმცა, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“/„ქრისტიან-სოციალური კავშირის“ პოტენციური კოალიციური პარტნიორი ამ საკითხს სხვაგვარად უყურებს. სოციალ-დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდული ფრთა სავალდებულო სამხედრო სამსახურს ახალგაზრდების თავისუფლებაში დაუშვებელ ჩარევად მიიჩნევს, ამასთან, მისგან მიღებულ სარგებელს ეჭვქვეშ აყენებს. სოციალ-დემოკრატების აზრით, ბუნდესვერს მეტი სამხედრო მოსამსახურე კი არა, არამედ უკეთესი აღჭურვილობა და ზოგადად, უკეთესი სამუშაო პირობები სჭირდება.
ბამბერგელი დეპუტატი, ანდრეას შვარცი კიდევ ერთ არგუმენტს ასახელებს. მისი აზრით, სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენა არაფერს მოიტანს, რადგან დამატებითი კონტინგენტის განთავსებისა და წვრთნისთვის საჭირო შესაძლებლობები ბუნდესვერს არ გააჩნია. „ამიტომ ბორის პისტორიუსის წინადადება ამ ეტაპზე ყველაზე სწორი გზაა“, - განაცხადა სოციალ-დემოკრატმა დეპუტატმა „ბავარიის რადიოსთან“ საუბრისას.
პისტორიუსი სამხედრო სამსახურის მოდელს ემხრობა
მოქმედი თავდაცვის მინისტრის, პისტორიუსის მიერ შემოთავაზებული სამხედრო სამსახურის მოდელის მიხედვით, თავდაპირველად, ერთი წლის განმავლობაში, ყველა მამაკაცსა და ქალს კითხვარის შევსების თხოვნით დაუკავშირდებიან. მისი შევსების შემდეგ, ბუნდესვერისთვის ცნობილი გახდება, ვინ არის რეალურად მზად შეიარაღებულ ძალებში სამსახურისთვის და ვინ თვლის ამისთვის თავს ფიზიკურად მომზადებულად. ამასთან, მამაკაცებმა კითხვებს აუცილებლად უნდა უპასუხონ, ქალებისთვის კი კითხვარის შევსება ნებაყოფლობითია.
გამოკითხულთა ნაწილს შემდგომში არმიაში გაიწვევენ. ამ გზით ბუნდესვერი წელიწადში დაახლოებით 5 ათას დამატებით ახალწვეულს მიიღებს. მართალია, ფედერალურმა მინისტრთა კაბინეტმა პისტორიუსის გეგმები მოიწონა, მაგრამ ბუნდესტაგს ამ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
ქსკ სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ: „ის ახლავე უნდა დაიწყოს“
თუმცა, კონსერვატიული ქდკ/ქსკ-ს ალიანსისთვის ასეთი კითხვარის შევსება არასაკმარისია. „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ წევრი დეპუტატის, კორნერის თქმით, იმისთვის, რომ თავდაცვისუნარიანები გავხდეთ, მოსახლეობისთვის უფრო მკაფიო სიგნალის გაგზავნაა საჭირო. „არ უნდა ვიყოთ იმის იმედზე, რომ ხვალიდან, ჩამრთველზე ხელის ერთი დაჭერით, სამხედრო სამსახურს დამატებით ათასობით ახალგაზრდა გაივლის. ეს საქმე ახლავე, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს“, - ამბობს კორნერი.
უდავოა, რომ არმიას პირადი შემადგენლობის დეფიციტი აქვს და შევსებას საჭიროებს. ამჟამად ჯარისკაცების რაოდენობა დაახლოებით 180 ათასს შეადგენს, ფედერალურ მთავრობას კი მისი 200 ათასამდე გაზრდა სურს. ექსპერტების შეფასებით კი, ეს რიცხვი კიდევ უფრო მეტი უნდა იყოს, რათა მომავალში გერმანიამ ნატო-ს წინაშე აღებული ვალდებულებები შეასრულოს.
თუ როგორ უნდა გადაიჭრას სამხედრო პერსონალის გაზრდის ამოცანა, ამჟამად სწორედ ამაზე მიმდინარეობს დისკუსია კოალიციურ მოლაპარაკებებზე. შუალედურ დოკუმენტებში, რომლებიც ბერლინში ვრცელდება, შესაბამისი პასაჟები კვადრატულ ფრჩხილებშია მოთავსებული. ეს ნიშნავს: ამ საკითხზე შეთანხმება ჯერ არ არსებობს. დრო კი ბევრი აღარ დარჩა: ქდკ/ქსკ-ს და სოციალ-დემოკრატიულ პარტიას კოალიციური ხელშეკრულების ტექსტზე შეთანხმება აღდგომამდეს სურთ.
წყარო: 1tv.ge