საქართველოში მძიმე დემოგრაფიული სურათია, რასაც წინა წლების მსგავსად შარშანდელი სტატისტიკაც მოწმობს. მიზეზი ბევრნაირია, მაგრამ გამოსავალი ჯერჯერობით არ ჩანს. ითქვა, რომ დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებას მთავრობა შეეცდება, მაგრამ ამ ეტაპზე კონკრეტული გეგმა არ არსებობს. ამასობაში, სანამ რაიმე გაირკვევა, საქართველოში ქორწინება იკლებს, განქორწინება მატულობს, ქვეყანაში ნაკლები ბავშვი იბადება და ბევრი ადამიანი იღუპება, რაც დემოგრაფიულთან ერთად, ეკონომიკაში პრობლემებს ქმნის.
2024 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 39 483 ბავშვი შეადგინა, მათ შორის 20 755 ბიჭი და 18 728 გოგოა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით შემცირებულია 1.8%-ით. ამის პარალელურად, 2024 წელს 2023 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 2.8%-ით გაიზარდა და 43 971 ერთეული შეადგინა.
ამ მონაცემების თანახმად, 2024 წელს, საქართველოში დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) და -4488 ერთეულით განისაზღვრა.
რთულ მოცემულობაზე მეტყველებს ქორწინება-განქორწინების მაჩვენებლებიც. შარშან საქართველოში რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობა 1.1%-ით შემცირდა და 13 520 შეადგინა. 2024 წელს, რეგისტრირებულია 21 653 ქორწინება, რაც 2.8%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.
საყურადღებოა ისიც, რომ მცირედით გაიზარდა პირველი ქორწინების საშუალო ასაკი და მან 2024 წელს, ქალებისთვის 29.9 წელი, ხოლო მამაკაცებისთვის 32.2 წელი შეადგინა. 2023 წელს ეს მაჩვენებელი ქალებისთვის 29.7, მამაკაცებისთვის კი - 32.1 წელი იყო. აღსანიშნავია, რომ პირველი ქორწინების საშუალო ასაკი როგორც მამაკაცების, ასევე ქალების შემთხვევაში, ყოველწლიურად იზრდება.
ასეთი რთული მოცემულობის მიზეზი რამდენიმეა და სწორედ ამ გარემოებზე ისაუბრა დემოგრაფმა თამარ ჩიბურდანიძე და განაცხადა, რომ 10-15 წელი მოგვიწვეს გარდაუვალი კლების რეჟიმში ცხოვრება.
"სიმართლე გითხრათ, კიდევ უფრო მძიმე სურათს ველოდი, რადგან გაეროს ექსპერტებმა 2010 წელს ჩვენ მეტად დრამატულოი მდგომარეობა გვიწინასწარმეტყველეს. უფრო უარესი შედეგი კი იმიტომ არ გვაქვს, რომ გასული 10-12 წელიწადში ძალიან ბევრი დემოგრაფიული ინიციატივა განვახორციელეთ და შევაჩერეთ ის უმძიმესი დაღმასვლა, რაც 90-იანი წლებიდან არის დაწყებული. რომ არა ძლიერი დემოგრაფიული პოლიტიკა, ბევრად უარესი სურათი გვექნებოდა.
ვნახოთ რატომ გვაქვს ასეთი შედეგი. შობადობის გარდაუვალი კლების რეჟიმში ჩვენ ვიქნებით ერთი დემოგრაფიული თაობა, რადგან 80-90-იან წლებში დემოგრაფიული ხაზი მიჰყვება დაბადებული გოგონების რაოდენობას. ამ პერიოდში საქართველოში დაიბადა დაახლოებით 450 ათასი გოგონა, ხოლო 90-იანი წლებიდან 2000-იან წლამდე დაიბადა მისი ნახევარი, სადღაც 230 ათასი გოგონა. 1990-2000-იან წლებში დაბადებული გოგონები ახლა შევიდნენ დედობის ასაკში. იმ პერიოდში გოგონების რაოდენობა განახევრდა, რაც გამოიწვია მიგრაციამ, შიდა კონფლიქტმა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკურმა შედეგმა. ეს არის 90-იანი წლების შედეგი და როდესაც ვამბობთ, რომ ერთი დემოგრაფიული თაობა ითვლის 25-27 წელს, ესე იგი სურათს ვიღებთ 25-27 წლის შემდეგ. პატრიარქისა და ჩვენი ინიციატივების შედეგად დაბადებული დემოგრაფიული თაობა დღეს არის 10-15 წლის და სადღაც 10-12 წელიწადში ველით გაუმჯობესებულ მონაცემებს, რადგან ეს თაობა შევა რეპროდუქციულ ასაკში. მანამდე ჩვენ მოგვიწევს გარდაუვალი კლების რეჟიმში ცხოვრება.
მკვეთრად არის შემცირებული პირველი და მეორე შვილის შობადობა. მესამე და შემდგომი შვილების რაოდენობა უმნიშვნელოდ არის შემცირებული და ზოგიერთ რეგიონში ზრდაც არის, მაგრამ მთელ ქვეყანაში შემცირებულია პირველი და მეორე შვილის შობადობა. ეს ნიშნავს იმას, რომ დაიკლო ქორწინებათა რაოდენობამ, რადგან ახალგაზრდები ევროპული წესით ამჯობინებენ თანაცხოვრებაში იყვნენ დიდხანს, ვიდრე ქორწინებაში შევიდნენ. წყვილები რამდენიმე წელიწადი არის თავისუფალ ურთიერთობაში და გვიან ქორწინდებიან.
გარდა ამისა, მოხდა შვილის ყოლის გადავადება. ეს მოცემულობა ევროპაში იმდენად აღარ არის, მაგრამ საქართველოში ახლა შემოვიდა მოდაში. ქორწინება უნდა მოხდეს ყველაზე რეპროდუქციულ ასაკში და ეს არის 18-დან 30 წლამდე პრეიოდი. ეს ხალხი გვიან ქორწინდება და თუ ოჯახი შექმენს, გვიანობამდე არ აჩენენ შვილს.
მიგრაციული ტალღაც, ძირითადად, ეხება რეპროდუქციული ასაკის თაობას, რამაც ასევე ხელი შეუწყო ქორწინების კლებას. ჩვენ გვაქვს უარყოფითი მიგრაციული სალდო, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყნიდან უფრო მეტი ადამიანი გადის, ვიდრე შემოდის. ეს ბუნებრივი მოვლენაა, მოსახლეობას აქვს ასეთი ჩვევა, რომ საითაც გაუხსნი კარებს, იქით გაედინება.
რაც შეეხება სიკვდილიანობის მატებას, ესეც დემოგრაფიული თაობების შედეგია. საქართველო არის ძალიან დაბერებული ქვეყანა. ხანდაზმულთა რაოდნობა მკვეთრად აჭარბებს ახალშობილთა ოდენობას. 60-იან წლებში დემოგრაფიული ბუმი იყო და ერთ წელიწადში საქართველოში დაიბადა 127 ათასი ბავშვი. ახლა საქართველოში ძალიან ბევრი პენსიონერი გვაყავს, ხანდაზმულთა რაოდენობა გაზრდილია და ამიტომ გაიზარდა გარდაცვალების მაჩვენებელი.
ყველა გამოსავალს კითხულობს. ხელისუფლებამ უნდა განაგრძოს ისეთი ძლიერი და ამბიციური დემოგრაფიული პოლიტიკის განხორციელება, როგორიც გვქონდა მთელი ამ 10 წლის განმავლობაში. ვიცი, რომ პრემიერთან არსებული დემოგრაფიული ეროვნული საბჭო მუშაობს ახალ ინიციატივებზე. ჩვენ შევინარჩუნებთ ჩვენს გენოფონდს და გავზრდით. უბრალოდ, 10-15 წელი მოგვიწვეს გარდაუვალი კლების რეჟიმში ცხოვრება. არაქართული ტრადიციების დანერგვა არის დემოგრაფიული პრობლემის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი”, - ამბობს თამარ ჩიბურდანიძე.
ასეთ მოცემულობას მართლაც შეიძლება საგანგაშო ეწოდეს. გარდა იმისა, რომ ქორწინების კლება, განქორწინების მატება და ნაკლები ბავშვის დაბადება დემოგრაფიულ სურათზე მეტყველებს ეს შემდგომ პრობლემებს იწვევს ეკონომიაში, რაზეც სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ გაამახვილა ყურადღება.
"მრავალი ასპექტით ვლინდება დემოგრაფიული პროცესების ცვლილება და ერთ-ერთი არის ეკონომიკაზე გავლენა. პირველ რიგში, ეს არის სამუშაო ძალის რაოდენობა და არა მხოლოდ სამუშაო ძალის, არამედ შეიარაღებული ძალებიც, ცოცხალი პერსონალის შევსებაც ამ ფაქტორზეა დამოკიდებული. იმის გათვალისწინებით, რომ მოსახლეობის დაბერება საკმაოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს საქართველოში, ყოველ სამ წელიწადში თითქმის ერთი წლით იზრდება მოსახლოების მედიანური ასაკი. ეს კი ნიშნავს მთლიანი ეროვნული პროდუქტის და მთლიანი სამამულო პროდუქტის წარმოების პოტენციალის დაახლოებით 2-2.5%-ით შემცირებას
კომპენსირება შეიძლება მოვახდინოთ ახალი ტექნოლოგიების, მაღალი დამატებული ღირებულების საწარმოო რესურსებით, თუმცა ეს ყოველეთვის შესაძლებელი არ არის და ბევრ შიდა თუ გარე ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორის ინვესტიციებზე, სწორ და ეფექტიან ეკონომიკურ პოლიტიკაზე და რიგ სხვადასხვა ფაქტორზე. ახლა ტექნოლოგიებთან წვდომა და ათვისება ახალგაზრდა თაობას უფრო ხელეწიფება, ვიდრე საშუალო და უფრო თაობას, ამიტომ თუ ახალგაზრდა კადრები არ გვეყოლა და მათი დიდი ნაწილი გავიდა ქვეყნიდან, მაშინ, ეს, რა თქმა უნდა, ნეგატიურად იმოქმედებს ტექნიკურ პროგრესზე.
ეს ფაქტორები არის მხედველობაში მისაღები და უნდა დავადგეთ შემდეგ გზას: აქტიური დემოგრაფიული პოლიტიკა, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება და იმ ოჯახებისთვის, რომლებიც თავიანთ საქმიანობას და ცხოვრებას სოფელში და მაღალმთიან რეგიოენში ისურვებენ ან გააგრძელებენ, იყოს მაქსიმალური სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა, როგორც ფინანსური თვალსაზრისით, ისე საგადასახადო შეღავათების დაწესებით”, - ამბობს სოსო არჩვაძე.
წყარო: "რეზონანსი"