აშშ-მ უკრაინის საქონელზე 10%-იანი ბაჟი დააწესა. უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა, იულია სვირიდენკომ განმარტა, თუ რას ნიშნავს ასეთი ტარიფი უკრაინის ეკონომიკისთვის, - ამის შესახებ მინისტრმა თავის ფეისბუკ-გვერდზე დაწერა.

„რთულია, მაგრამ არა კრიტიკული. ჩვენ შეგვეხება 10%-იანი საერთო ბაჟი. უკრაინაზე არ გავრცელდება ცალკე დაწესებული მაღალი ბაჟი, როგორიც ეს მოლდოვას (31%) ან ევროკავშირის (20%) შემთხვევაში მოხდა“, - აღნიშნა სვირიდენკომ.

მისივე განმარტებით, 2024 წელს უკრაინამ აშშ-ში 874 მილიონი დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განახორციელა, საიდანაც 363 მილიონი დოლარი თუჯზე მოდიოდა, ხოლო 112 მილიონი დოლარი - ფოლადის მილებზე. ამავე დროს, უკრაინამ შეერთებული შტატებისგან 3.4 მილიარდი დოლარის საქონელი შეიძინა.

სვირიდენკომ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინული მხარის მიერ ამერიკულ საქონელზე დაწესებული ბაჟი დაბალია: მისი განაკვეთი ავტომობილებზე არის 10%, ხოლო ნახშირსა და ნავთობზე - 0%.

„ასე რომ, ახლა გვაქვს შანსი, შევთანხმდეთ სხვა პირობებზე - ამერიკის განცხადება ამ შესაძლებლობაზე ნათლად მიუთითებს. თუ ყველაფერი ისე დარჩება, როგორც არის, აშშ-ს ბაჟი, ძირითადად, მცირე მეწარმეებს დაარტყამს. ამიტომ, ჩვენ უკვე ვმუშაობთ იმაზე, რომ უკრაინას უკეთესი პირობები ჰქონდეს“, - დაწერა მან.

სვირიდენკომ აღნიშნა, რომ უკრაინა შეერთებულ შტატებში 600-ზე მეტი სხვადასხვა კატეგორიის საქონელის ექსპორტს ახორციელებს (ქანჩის გასაღებებისასაც კი). მათ შორის 65 სახეობის პროდუქციის ღირებულება 1 მილიონ დოლარს აღემატება.

„უკრაინას შეერთებული შტატებისთვის, როგორც სანდო მოკავშირისა და პარტნიორისთვის, ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია. სამართლიანი საბაჟო გადასახადებით ჩვენი ორივე ქვეყანა მიიღებს სარგებელს“, - ამბობს უკრაინის ეკონომიკის მინისტრი.

რა არის ცნობილი ტრამპის „სარკისებური მოსაკრებლების“ შესახებ

2 აპრილს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ში იმპორტირებულ ყველა საქონელზე დააწესებს, მინიმუმ, 10%-იან მოსაკრებელს, უფრო მაღალი განაკვეთები კი იმ ქვეყნებს შეეხებათ, რომლებთანაც ყველაზე დიდი სავაჭრო დეფიციტი აქვს. აქედან გამომდინარე, ჩინეთისთვის მოსაკრებელი 34% იქნება, ევროკავშირისთვის - 20%.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ხელს მოაწერს აღმასრულებელ ბრძანებას ავტომობილებისა და სატვირთო მანქანების იმპორტზე 25%-იანი ტარიფის დაწესების შესახებ, რომელიც ძალაში ხუთშაბათს, 3 აპრილს შევა. ავტონაწილების იმპორტზე მოსაკრებლები 3 მაისს ამოქმედდება.

წყარო: 1 არხი