6 აპრილს, ეკონომიკის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უმაღლესმა მრჩეველმა, აშშ-ის ეროვნული ეკონომიკური საბჭოს (NEC) დირექტორმა, კევინ ჰასეტმა თქვა, რომ ტარიფების დაწესების შემდეგ თეთრ სახლს სავაჭრო მოლაპარაკებების დასაწყებად 50-ზე მეტმა ქვეყანამ მიმართა.
"გუშინ საღამოს მივიღე ანგარიში, რომ პრეზიდენტს [სავაჭრო] მოლაპარაკებების დასაწყებად 50-ზე მეტმა ქვეყანამ მიმართა - ისინი ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ესმით, რომ ტარიფების ტვირთი მძიმედ აწვებათ," - თქვა ჰასეტმა.
ასევე, ABC News-თან ინტერვიუში ჰასეტმა უარყო, რომ ტარიფებით აქციების ფასების "ჩამონგრევა" აშშ-ს ფედერალური რეზერვის საპროცენტო განაკვეთის შემცირებისკენ იძულება ტრამპის სტრატეგიის ნაწილია. მისი თქმით, ცენტრალური ბანკის მიმართ არანაირი "პოლიტიკური იძულება" არ იქნება.
4 აპრილს, Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა გააზიარა ვიდეო, რომელიც მიუთითებდა იმაზე, რომ მისი ტარიფები მიზანმიმართულად აზარალებდა საფონდო ბირჟას, რათა ზეწოლა მოახდინა ცენტრალურ ბანკზე და მას საპროცენტო განაკვეთები დაეწია.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2 აპრილს ათეულობით სავაჭრო პარტნიორი სახელმწიფოს წინააღმდეგ "საპასუხო ტარიფები" გამოაცხადა, რის მიზეზადაც მან წლობით არსებული "არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკები" დაასახელა.
ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ ყველა სახელმწიფოს, მათ შორის, საქართველოსაც, საბაზისო, 10%-იან ტარიფს დაუწესებს, ხოლო ზოგიერთი მათგანისთვის უფრო მკაცრი ტარიფებია გათვალისწინებული, მათ შორის, დამატებით 34%-იანი ტარიფი ჩინეთზე, 20%-იანი ევროკავშირზე, 46%-იანი ვიეტნამზე და 32%-იანი ტარიფი ტაივანზე.