ნატო დიდ არქტიკულ წვრთნებს რუსეთის უკანა ეზოში ატარებს

ნატო-ს ათასობით ჯარისკაცი მონაწილეობს ფინეთის არქტიკულ ზონაში მიმდინარე ფართომასშტაბიან საარტილერიო წვრთნებში, რასაც ზოგიერთი, უკრაინის ომის ფონზე, რუსეთისთვის განკუთვნილ შეტყობინებად მიიჩნევს. ქვემეხებიდან სროლის ხმები ეფინება თოვლით დაფარულ მთიანი ლაპლანდიის ლანდშაფტს, სადაც აშშ-ს, შვედეთის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და ნატო-ს სხვა წევრი ქვეყნების დაახლოებით 3600 ჯარისკაცი, მთელი ნოემბრის განმავლობაში, სამხედრო მომზადებას გაივლის. ეს სწავლება, სახელწოდებით „დინამიური ფრონტი 25“, არის ნატო-ს უდიდესი საარტილერიო წვრთნების ნაწილი, რომელიც ოდესმე ჩატარებულა ევროპაში. „სამხედრო სწავლებები ესტონეთში, გერმანიაში, რუმინეთსა და პოლონეთშიც იმართება, რომელშიც დაახლოებით 5 000 ჯარისკაცი მონაწილეობს. ფინეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მკვლევარი, იოელ ლინაინმაკი მიიჩნევს, რომ ფართომასშტაბიანი წვრთნები ერთგვარ გზავნილად უნდა ჩაითვალოს რუსეთისთვის, რომელთანაც ფინეთს 1 340-კილომეტრიანი (830 მილი) საერთო საზღვარი აქვს.

„ნატო-ს ეს წვრთნები აჩვენებს სხვა ქვეყნებს, ამ შემთხვევაში კი, რა თქმა უნდა, რუსეთს, რომ ალიანსი ერთიანია და თავისი წევრების დაცვა შეუძლია“, - განაცხადა მან. ეს წვრთნები არის პირველი ფართომასშტაბიანი მანევრები, რომელიც ფინეთში მას შემდეგ ტარდება, რაც 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ამ სკანდინავიურმა ქვეყანამ სამხედრო მიუმხრობლობის კურსზე უარი თქვა და გასულ წელს ნატო-ს შეუერთდა. ამ ნაბიჯმა აღაშფოთა მოსკოვი, რომელიც ნატო-ს ნებისმიერ გაფართოებას დიდი ხანია ეწინააღმდეგება. ფინეთში „დინამიური წვრთნები 25“-ის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი იანე მაკიტალო ამბობს, რომ რადგან ნორვეგია, შვედეთი და ფინეთი ნატო-ს წევრები არიან, სწავლების მთავარი მიზანი ალიანსის საარტილერიო დანაყოფების ოპერატიული თავსებადობის სრულყოფა და განვითარება, ასევე მკაცრი არქტიკული პირობებისთვის ჯარების მომზადებაა.

„ეს არის სიგნალი, რომ შეგვიძლია ერთად ვივარჯიშოთ და ჩვენი საშუალებები განვავითაროთ“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს. „არტილერია ბრძოლის ველის მეფეც არის და დედოფალიც, როგორც ამაში უკრაინაში ბრძოლების გამოცდილებიდან დავრწმუნდით“, - აღნიშნა მაკიტალომ. მან უარყო მოსაზრება, რომ რუსეთის უკანა ეზოში თავისი სამხედრო ძალის გამოყენებით, ნატო-ს მოსკოვის პროვოცირება შეუძლია. „ეს არ არის ძალის დემონსტრირება, - ხაზგასმით განაცხადა მან.

ამასთან, ნატო-ში ფინეთის შესვლამ განაპირობა ის, რომ „ალიანსის ჩრდილოეთ ფლანგზე 280 000 ჯარისკაცი გამოჩნდა“, - დასძინა ფინელმა პოლკოვნიკმა.

„უნიკალური ადგილი სწავლებისთვის“

როვაიარვის მთიან მხარეში ჯარები ბანაკს აწყობენ და იარაღს განალაგებენ პოზიციებზე, რომლებიც თოვლისა და ყინულის თხელი ფენით არის დაფარული. არქტიკული წრის მიღმა, წელიწადის ამ დროს, მზე დილის 9:30 საათზე ამოდის და ექვს საათზე ნაკლებ დროში, 15:00 საათამდე ჩადის. ეს 1 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი (620 კვადრატული მილი) ტერიტორია ყველაზე დიდი საცდელი პოლიგონია ევროპაში და მოკავშირეები აქ რთულ კლიმატურ პირობებში რეპეტიციების გასავლელად ჩამოდიან. „ეს არის უნიკალური ადგილი წვრთნებისთვის, რადგან ერთ-ერთია იმ რამდენიმე ლოკაციიდან, სადაც რეალური მასშტაბის პირობებში შეიძლება სწავლების ჩატარება“, - ამბობს ფინური ბრიგადა „კარელიის“ საცეცხლე ოცეულის მეთაური, ლეიტენანტი ანტი-მაატი პუისტო.

რეგიონში, სადაც ზამთრის თვეებში ტემპერატურა, როგორც წესი, -20 გრადუს ცელსიუსამდე (მინუს ოთხი გრადუსი ფარენჰეიტით) ეცემა, ფინეთის თავდაცვის ძალები ცნობილია, როგორც ზამთრის მკაცრი პირობებისთვის კარგად გაწვრთნილი და აღჭურვილი სამხედრო კონტინგენტი. პუისტომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავარია, ტანსაცმლის მრავალი ფენის ჩაცმის მიუხედავად, არ გაიყინოთ და ბანაკებში სიმშრალე (ტენიანობის არარსებობა) შეინარჩუნოთ. „ჩვენი ამოცანაა, რომ ძალიან ცივ პირობებში მუშაობის მიუხედავად, არტილერისტებმა და მთამსვლელებმა თავისი უნარები გამოავლინონ და განავითარონ“, - განუცხადა სააგენტო „ფრანს პრესს“ 93-ე სამთო საარტილერიო პოლკის ფრანგული ქვედანაყოფის, „ეკრინსის“ მეთაურმა, კაპიტანმა რომენმა. „ასევე ვმუშაობთ ჩვენს მოკავშირეებთან თავსებადობაზე, რათა საარტილერიო სროლა ჩვენ ნატოელ მოკავშირეებთან კოორდინაციაში განვახორციელოთ“, - დასძინა მან.

„ჩვენ ისტორიას ვქმნით და ძალიან სასიამოვნოა ფინეთში სხვადასხვა ეროვნების ადამიანებთან ერთად სწავლების გავლა“, - აღნიშნა წვევამდელმა სერჟანტმა, ოლი მილიმაკიმ მას შემდეგ, რაც მისმა ბრიგადამ თოვლიან ტყეში K9 ტანკებით წვრთნები დაასრულა.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი