Universal Music Group-მა და TikTok-მა ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ ლიცენზირების შეთანხმება განაახლეს. ახალი ხელშეკრულება ითვალისწინებს ვალდებულებას, პლატფორმიდან წაიშალოს არაავტორიზებული AI-გენერირებული მუსიკა და გაუმჯობესდეს არტისტებისა და სიმღერების ავტორების იდენტიფიკაციის სისტემა.

ერთობლივ განცხადებაში UMG აღნიშნავს, რომ: „შეთანხმება აფართოებს TikTok-ისა და UMG-ს ინოვაციურ თანამშრომლობას AI-დაცვის მიმართულებით, რაც ადამიანური შემოქმედების მხარდაჭერასა და პლატფორმის ეკონომიკური სარგებლის არტისტებსა და სიმღერების ავტორებზე სწორად გადანაწილებას ემსახურება. TikTok და UMG ერთად იმუშავებენ პლატფორმიდან არაავტორიზებული AI-გენერირებული მუსიკის წასაშლელად და პარალელურად, გააუმჯობესებენ არტისტებისა და ავტორების ვინაობის მითითების სისტემას”.

ეს შეთანხმება UMG-სა და TikTok-ის ურთიერთობაში მნიშვნელოვანი ცვლილების ნიშანია.

წლების განმავლობაში UMG აქტიურად მოუწოდებდა პლატფორმებს, სტრიმინგსერვისებსა და AI-კომპანიებს, კონტენტის მოდერაციის უფრო მკაცრი პოლიტიკა დაენერგათ. ორ კომპანიას შორის დაძაბულობამ განსაკუთრებით 2024 წელს იმატა, როდესაც UMG-მ TikTok დაადანაშაულა AI-გენერირებული მუსიკისა და საავტორო უფლებების საკითხების არასათანადო მართვაში. დავა იმდენად გამწვავდა, რომ UMG-მ დროებით საკუთარი მუსიკალური კატალოგიც კი გაიტანა TikTok-იდან და ამით ნათლად აჩვენა, რამდენად არის პლატფორმა დამოკიდებული მსხვილი ლეიბლების ლიცენზიებზე, რადგან პოპულარული სიმღერები მომხმარებლების ვიდეოებიდან ერთ ღამეში გაქრა.

TikTok-ის გადაწყვეტილება, უფრო მკაცრად აკონტროლოს ყალბი და არალიცენზირებული მუსიკა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა მუსიკალური ინდუსტრია AI-გენერირებული კონტენტის სწრაფ ზრდას ებრძვის. ბოლო წლებში სულ უფრო იზრდება შეშფოთება ისეთი AI-ინსტრუმენტების გამო, რომლებიც არტისტების ხმის იმიტაციას ახერხებენ, ან ყალბ სიმღერებს ქმნიან და სტრიმინგალგორითმებს იყენებენ. განსაკუთრებული რეზონანსი გამოიწვია AI-გენერირებულმა ტრეკებმა, რომლებიც Drake-ისა და The Weeknd-ის ხმას ბაძავდა, ზოგიერთმა მათგანმა წაშლამდე მილიონობით მოსმენაც კი დააგროვა.

ახალი შეთანხმება, შესაძლოა, მაგალითი გახდეს იმისა, თუ როგორ უნდა მართოს ტექნოლოგიურმა ინდუსტრიამ AI-ს, ინტელექტუალური საკუთრებისა და პლატფორმების პასუხისმგებლობის შეჯახება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ევროკავშირი AI-გენერირებულ კონტენტზე რეგულაციებს ამკაცრებს და ამერიკის სხვადასხვა შტატიც მსგავს მიდგომებს განიხილავს.

ამასთან, TikTok ცდილობს მუსიკალურ ინდუსტრიას დაუმტკიცოს, რომ არტისტებისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური სარგებლის შექმნა შეუძლია. გასულ წელს მან „TikTok for Artists“ წარადგინა – ანალიტიკური პლატფორმა, რომელიც არტისტებს საკუთარი პრომოაქტივობების გაძლიერებაში ეხმარება და მუსიკალურ ლეიბლებს მონაცემებზე წვდომას აძლევს.

www.marketer.ge