აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბიტკოინის ღირებულებამ ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და პირველად, $90 000-ს გადასცდა. ყველა ციფრული აქტივის საერთო ღირებულებამ კი, $3.2 ტრილიონს გადააჭარბა. შედეგად, კრიპტომილიარდერების – ლიკვიდური ტოკენებისა და აქტივების უმსხვილესი მფლობელები – ქონება მნიშვნელოვნად გაიზარდა.

Forbes-ის შეფასებით, 2024 წელს 11 კრიპტომილიარდერის ქონება ჯამში $38 მილიარდით გაიზარდა. ამ ზრდის დაახლოებით 63%, $24-მილიარდიანი მატება, პირველი სექტემბრის შემდეგ დაფიქსირდა. მილიარდერთა სიმდიდრის ზრდაზე გავლენა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელთა კანდიდატის, დონალდ ტრამპის გამარჯვების მოლოდინმა და შემდეგ უკვე გამარჯვებამ იქონია.

რაც შეეხება პროცენტულ გავლენას: ყველაზე დიდი სარგებელი საჯაროდ დალისტული კომპანიების მფლობელებმა მიიღეს, რომელთა ფირმებიც ძლიერ კავშირშია ბიტკოინის ღირებულებასთან. მათ შორისაა MicroStrategy-ის თავმჯდომარე მაიკლ სეილორი.

სეილორის კომპანიის აქციების ღირებულება 464%-ით გაიზარდა. შედარებისთვის, ბიტკოინის ფასი 110%-ით გაიზარდა. ცნობისთვის, MicroStrategy-ს ბიტკოინის უმსხვილესი კორპორაციული მარაგი აქვს, $25.6 მილიარდის ღირებულებით. შედეგად, სეილორის ქონება, რომელიც ძირითადად ბიტკოინისგან და კომპანიაში აქციებისგან შედგება, მიმდინარე წელს 291%-ით, $8.8 მილიარდამდე გაიზარდა.

სეილორს მოჰყვება Galaxy Digital-ის აღმასრულებელი დირექტორი მაიკ ნოვოგრაცი, რომლის სიმდიდრეც წელს $3.2 მილიარდიდან $5.9 მილიარდამდე გაიზარდა. ნოვოგრაცის ქონების ზრდაზე გავლენა კომპანიის აქციების მაღალმა შედეგებმა იქონია: Galaxy Digital-ის თითო აქციაზე ფასი, მხოლოდ წელს, 150%-ით გაიზარდა.

ბიტკოინის რეკორდული ფასების წყალობით, 80%-ით გაიზარდა Coinbase-ის აღმასრულებელი დირექტორის, ბრაიან არმსტრონგის ქონებაც. Forbes-ის შეფასებით, არმსტრონგი $13.8 მილიარდს ფლობს, რაც მას კრიპტოვალუტის სფეროში მეორე უმდიდრეს ადამიანად აქცევს. არმსტრონგის ქონების ზრდა, ძირითადად, გასულ ორ თვეზე მოდის – ამ პერიოდში, Coinbase-ის აქციების ღირებულება 74%-ით გაიზარდა.

კრიპტოვალუტის ღირებულების ზრდით ისარგებლა Binance-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა ჩანგპენგ ჟაომ. მიმდინარე წელს, ჟაოს სიმდიდრე $47 მილიარდიდან, $63 მილიარდამდე გაიზარდა – ძირითადად Binance-ში მისი $33 მილიარდის ღირებულების აქციების დამსახურებით. გარდა ამისა, ჟაო დამატებით 64 მილიონ BNB-ის ტოკენებს ფლობს. BNB-ის ღირებულება (Binance-ის კრიპტოვალუტა) წელს 89%-ით გაიზარდა.

წყარო: forbs.ge