ისრაელში ავტონომიური თვითმფრინავების სატესტო ფრენები დაიწყო, რომლითაც მგზავრებისა და მძიმე ტვირთის გადატანა იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ The Times of Israel-ი წერს.

საჰაერო ტაქსის პირველი სატესტო ფრენები ორწლიანი, 10 მილიონი დოლარის საპილოტე პროექტის ნაწილია, რომელსაც ისრაელის დრონების ეროვნული ინიციატივა (INDI) ხელმძღვანელობს.

მისი მიზანია დრონების გამოყენება მგზავრებისა და მძიმე ტვირთის გადასაყვანად, ასევე ისრაელში საცობების შემცირება და კომერციული და სამთავრობო სერვისების უფრო ეფექტური მიწოდება.

გასულ კვირას 11-მა კომპანიამ, რომლებიც ჩართული არიან დრონების ექსპლუატაციაში და მიწოდებაში, მონაწილეობა მიიღეს პროექტის ტესტებსა და საპილოტე ფრენებში ქვეყნის მასშტაბით.

„ეს პირველი მსგავსი ინიციატივაა მსოფლიოში, რომელიც მიზნად ისახავს ახალი ტექნოლოგიების ფართო და ინტერდისციპლინურ შესწავლას, მათ შორის საქონლის ტრანსპორტირებას და შემდგომში ადამიანების ტრანსპორტირებას“, - განაცხადა ტრანსპორტის მინისტრმა მირი რეგევმა.

მისი თქმით, მთლიანი პროექტი მოიცავს ყველა ასპექტს, მათ შორის რეგულირებას და საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც დაკავშირებულია დრონების კომერციულ ექსპლუატაციასთან, როგორც დამატებითი ინსტრუმენტი საცობების პრობლემის გადასაჭრელად.

პარალელურად განიხილება საჰაერო სივრცის დაყოფისა და საჰაერო მარშრუტების აშენების საკითხი, რათა დრონებისა და თვითმფრინავების ერთდროული მოძრაობა დარეგულირდეს.