ელექტროგადამცემი ხაზების გაყინვა საფრთხეს უქმნის ელექტრო ქსელების უსაფრთხო მუშაობას. ძლიერი ყინვა ხშირად სერიოზულ აზიანებს ელექტროხაზებს, ტყდება ელექტროგადამცემი ანძები, საყრდენი ბოძები. ენერგეტიკულ ქსელში ავარიები აზარალებს ბიზნესს, მოსახლეობას და სახელმწიფოს. მაგალითად, მხოლოდ აშშ-ს ტეხასის შტატში ზამთრის ძლიერი შტორმის გამო 2021 წელს 4,5 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ეკონომიკური ზარალი 130 მილიარდ დოლარად შეფასდა.

ყინვა ასევე აფერხებს ქარის ელექტროსადგურების მუშაობას ცივ კლიმატში. დღეს ქარის ენერგია ითვლება ელექტროენერგიის ერთ-ერთ პერსპექტიულ წყაროდ, მაგრამ ქარის ტურბინების სიმძლავრე მნიშვნელოვნად მცირდება ტურბინების გაყინვის გამო. შედეგად ქარის ელექტროსადგურის პროდუქტიულობა ზამთრის თვეებში შეიძლება განახევრდეს კიდეც.

პრობლემის მოსაგვარებლად ხერხს მიაგნო თურქულმა კომპანია Kfobix-მა. სტარტაპი აწარმოებს ჰიდროფობიურ ნანოკომპოზიტურ საფარს, რომელიც ზედაპირებს წყალგაუმტარს ხდის. ეს გაყინვის ერთგვარი პრევენციაა. ეს არის საუკეთესო საშუალება ელექტროგადამცემ ხაზებსა და ქარის ტურბინებზე ყინულის თავიდან ასაცილებლად. 

კომპანიამ უკვე დააპატენტა თავისი გამოგონება და გამოსცადა კალიფორნიის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში.

Kfobix საფარი, შემქმნელების თქმით, ძლებს ოთხი წლის განმავლობაში და ანელებს კოროზიას ექვსჯერ. ინოვაციური მასალის წყალობით ელექტროგადამცემ ხაზებზე ყინულის დონე მცირდება 94%-ით. შედეგად, ენერგოკომპანიებს შეუძლიათ დაზოგონ 24%-მდე ელექტროგადამცემი ხაზის მოვლაზე.