ჩვენ ყველას გამოგვიცდია ეს სიტუაცია: ათვალიერებ ვებგვერდს, პოულობ, რაც გჭირდება და აჭერ ღილაკს „უკან“, რომ ძიების შედეგებს დაუბრუნდე. მაგრამ უკან დაბრუნების ნაცვლად, უცებ ხაფანგში ხვდები – გვერდი თავიდან იტვირთება, ეკრანზე რეკლამა ჩნდება, ან საერთოდ სხვა საიტზე გადაგამისამართებს. ეს გამაღიზიანებელი ხრიკი, რომელსაც „back button hijacking-ს” უწოდებენ, წლების განმავლობაში აწუხებდა მომხმარებლებს. ახლა კი საქმეში Google ჩაერია, რათა ამ პრაქტიკას წერტილი დაუსვას.
2026 წლის 15 ივნისიდან Google „back button hijacking-ს” სპამპოლიტიკის დარღვევად ჩათვლის და მას მავნე პრაქტიკად მიიჩნევს. ეს დიდი გამარჯვებაა მათთვის, ვისაც მობეზრდა მანიპულაციური სკრიპტების „ტყვეობაში“ ყოფნა. წლების განმავლობაში ზოგიერთი საიტი ხელოვნურად ზრდიდა საკუთარ მეტრიკებს ბრაუზერის ისტორიის მანიპულაციით, რაც მომხმარებლების მიერ გვერდის დატოვებას თითქმის შეუძლებელს ხდიდა. ახლა კი Google მკაფიოდ აცხადებს: თუ საიტი არღვევს ნავიგაციის ძირითად პრინციპებს, ეს მის საძიებო რეიტინგზე უარყოფითად აისახება.
საიტების მფლობელებს სერიოზული შედეგების გათვალისწინება მოუწევთ. ისინი, ვინც გააგრძელებენ ამგვარი მოტყუებით გადამისამართებების გამოყენებას, ავტომატურად დაუვარდებათ ძიების შედეგები ან შესაძლოა დაექვემდებარონ დაკისრებულ სანქციებს. Google საკმაოდ მკაცრადაა განწყობილი მსგავსი შემთხვევების მიმართ.
აღსანიშნავია, რომ ეს ცვლილება მხოლოდ იმათ არ ეხება, ვინც ამას განზრახ აკეთებს. ბევრმა საიტის მფლობელმა შეიძლება არც კი იცოდეს, რომ წესებს არღვევს. მსგავსი კოდი ხშირად იპარება მესამე მხარის სარეკლამო ქსელებიდან ან მოძველებული პლაგინებიდან. სწორედ ამიტომ Google მოუწოდებს ვებსაიტებს, 15 ივნისამდე დეტალურად შეამოწმონ საკუთარი ტექნიკური ინფრასტრუქტურა.
პოლიტიკის განახლება უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილია, რომელიც პრიორიტეტად მომხმარებლის გამოცდილებას აყენებს. წარსულში ზოგიერთი ვებსაიტის მფლობელი ასეთ მეთოდებს იყენებდა დამატებითი სარეკლამო შემოსავლის მისაღებად, თუმცა Google-ის გზავნილი მარტივია: ან უზრუნველყავით მომხმარებლისთვის სუფთა და თავისუფალი გამოსვლის გზა, ან მოემზადეთ საძიებო შედეგებში პოზიციების დაკარგვისთვის.
ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის კი ეს ნიშნავს, რომ ღილაკი „უკან“ საბოლოოდ ისევ თავის საქმეს შეასრულებს – აღარ იქნება გადახვევები, აღარ იქნება ხაფანგები, მხოლოდ დაბრუნება იმ გვერდზე, საიდანაც მოხვედით.