საქართველოში ფასების ზრდა მოსახლეობის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ საკვებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასების შესასწავლად სპეციალური კომისია შექმნა, სამი თვის შემდეგ მოქალაქეები რეალურ შედეგს ჯერ ვერ ხედავენ.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მარტში წლიურმა ინფლაციამ 4.3% შეადგინა, ხოლო ყველაზე მეტად ისევ საკვები პროდუქტები გაძვირდა — განსაკუთრებით თევზი, ხილი, პური და ხორცი. გაიზარდა ტრანსპორტისა და სხვადასხვა სერვისების ფასებიც.
ეკონომისტების ნაწილი მიუთითებს პარადოქსზე — ბიზნესისთვის ფასების შემცირების მოწოდების ფონზე, სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული სერვისები და ტარიფებიც იზრდება. მათი შეფასებით, თუ ბაზარზე კონკურენცია არ გაიზრდება და ხარჯები არ შემცირდება, მხოლოდ ადმინისტრაციული ზომებით ფასების კლების მიღწევა რთული იქნება.
სპეციალისტები ამბობენ, რომ მოსახლეობისთვის მთავარი კითხვა ისევ უცვლელია — რატომ იზრდება ყოველდღიური ხარჯები მაშინ, როცა პრობლემის მოსაგვარებლად შექმნილი კომისია უკვე თვეებია მუშაობს.
„ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის მუშაობის შედეგებზე საუბრისას განაცხადა, რომ ინფლაციაზე პასუხისმგებელია ეროვნული ბანკი, ხოლო ფასების გაძვირებას მსოფლიოში არსად არ „ებრძვიან“ საპარლამენტო კომისიით. მისი თქმით, თუ ბაზარზე ხელოვნურად არის ფასები გაზრდილი, ამას კონკურენციის სააგენტო უნდა სწავლობდეს.
„ეს კომისია საერთოდ რისთვის შეიქმნა, ჩემთვის გაუგებარია. კომისიის გარდა სპეცსამსახურებიც ჩართეს. ფასების გაძვირებას თანამედროვე ცივილურ სამყაროში და არსად მსოფლიოში სპეცსამსახურებით და კომისიით არ ებრძვიან. ეს არის მასშტაბური პრობლემა, ფასებსა და მაღალ ინფლაციაზე პასუხისმგებელი არის ეროვნული ბანკი.
პლუს ამას, ქვეყანას უნდა ჰქონდეს ისეთი შიდა პოლიტიკა, რომ ადგილობრივი შიდა წარმოება იყოს ძლიერი დარგების მიხედვით და არ იყოს იმპორტზე დამოკიდებული იმ დოზით, როგორც ახლა ჩვენ ვართ. ამასთანავე, ქვეყნის მოსახლეობის შემოსავალი თანხვედრაში უნდა იყოს პროდუქციის გაძვირებასთან. თუ მოსახლეობის შემოსავლები გაიზრდება, ამ შემთხვევაში ფასებიც არ იქნება იმდენად მტკივნეული, მაგრამ არც ერთი მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები წლების განმავლობაში არ იქნა გადადგმული.
უკვე მომხდარ ფაქტზე და სიმპტომებზე რეაგირება კომისიით და სპეცსამსახურებით, რა თქმა უნდა, ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს და ეს სახეზეა - სამი თვეა მუშაობს კომისია და მოსახლეობისთვის არაფერი შეცვლილა. თითოეული ჩვენგანი შევდივართ მარკეტსა და ბაზარში, ფასები დღითი დღე გაძვირებული გვხვდება და კიდევ მატებისკენ მიდის. ვერაფერი ხელმოსაჭიდი ვერ დადეს კომისიის მუშაობის შედეგად. დიდად თავსაც არ იღლიან ქმედითი ნაბიჯების გადადგმისგან და არანაირი ბერკეტი არ გააჩნიათ ამ ეტაპზე.
ამ საკითხზე უნდა მუშაობდეს კონკურენციის სააგენტო, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება და წლების განმავლობაში საკმაოდ დიდ თანხებს იღებენ. თუ რამე პრობლემაა, თუ ქვეყანაში ხელოვნურად არსებობს მონოპოლია, ოლიგოპოლია და ფასი ხელოვნურად არის გაზრდილი, ამაზე უნდა იმუშაოს არსებულმა უწყებებმა. დანარჩენი, ბიუროკრატიული მექანიზმებით, დაშინებით, დაბარებით და ა.შ. ასეთი საკითხები არ წყდება“, - ამბობს ხილ-ბოსტნეულის ასოციაციის ხელმძღვანელი.
ამასთანავე, ვახტანგ ბეჟიტაშვილი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო თავად აძვირებს სერვისებს. მაგალითად, გაძვირდა დენი და სარწყავი წყალი. ამ ფონზე, რესპონდენტი სვამს კითხავს, როდესაც სახელმწიფო სერვისებს აძვირებს, რის ხარჯზე სთხოვს ბიზნესს ფასების შემცირებას.
„სახელმწიფო თვითონ აძვირებს თავის სერვისებს, მაგალითად გაძვირდა სარწყავი წყალი, სუბსიდიები მოიხსნა გარკვეული მიმართულებით. თუ სახელმწიფო თვითონ გვთავაზობს გაძვირებულ სერვისებს, რანაირად სთხოვს ბიზნესს ფასების დაკლებას, რის საფუძველზე უნდა დააკლოს ეს ფასი ბიზნესმა? კონკურენცია თუ ღიაა და ყველა თანასწორად მუშაობს, თავისუფალი კონკურენცია ფასებს თვითონ არეგულირებს. თუ ეს ასე არ არის, მაშინ მიზეზები უნდა გამოავლინონ და საჯარო გახადონ არა საპარლამენტო კომისიაზე, არამედ კონკურენციის სააგენტოს მიერ, რაც მათ უფლებამოსილებაში ისედაც უწერიათ.
გაძლებას ვუსურვებ ჩვენს მოსახლეობას, რამენაირად უნდა შევძლოთ ამ კრიზისის გადალახვა. რა თქმა უნდა, ვუსურვებ ცვლილებებს იმისთვის, რომ გონიერმა, საქმისუნარიანმა და მცოდნე ხალხმა მართოს ეს ქვეყანა, მათ, ვისაც მართლა გულთან ახლოს მიაქვს ქვეყნის ბედი და მართლა უნდა, რომ საქართველო წარმატებული ქვეყანა იყოს - ბევრი ადამიანია ასეთი, ასეთ ხალხს ვისურვებდით სამომავლოდ ყველა მიმართულებით“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ ვახტანგ ბეჟიტაშვილმა.
წყაროები:
https://www.bpn.ge/article/151382-saxelmcipo-tviton-azvirebs-tavis-servisebs-da-ranairad-stxovs-bizness-pasebis-daklebas-sami-tvea-mushaobs-komisia-da-mosaxleobistvis-araperi-shecvlila/
https://www.geostat.ge/media/77975/Inflation-Rate-in-Georgia%2C-March-2026.pdf
https://jam-news.net/georgia-opposition-sets-out-plan-to-cut-prices/