სააგენტო „როიტერი“, სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით, იუწყება, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ქმნის ვებ-პორტალს, რომელიც ევროპასა და მსოფლიოს სხვა ნაწილებში მცხოვრებ ადამიანებს მათი მთავრობების მიერ აკრძალული კონტენტის ნახვის საშუალებას მისცემს. სააგენტოს ცნობით, მომხმარებლებს შეეძლებათ, გაეცნონ დაბლოკილ მასალებს, რომლებიც, შესაძლოა, სიძულვილის ენას ან ტერორისტულ პროპაგანდას შეიცავდეს. წყაროების თანახმად, საიტის დომენი freedom.gov-ი ექნება.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ოფიციალურმა პირებმა განიხილეს ვირტუალური კერძო ქსელის (VPN) იმ ფუნქციის ინტეგრირების საკითხი, რომელიც მომხმარებლის აქტივობას ისე წარმოაჩენს, თითქოს ის საიტს აშშ-დან სტუმრობს. ამავე წყაროს თქმით, ამ ვებ-გვერდზე მომხმარებლის აქტივობა არ გაკონტროლდება.
წყაროები ასევე აცხადებენ, რომ პროექტი გასულ კვირას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უნდა წარედგინათ, თუმცა მისი პრეზენტაცია გადაიდო. პრეზენტაციის გადადების მიზეზი „როიტერმა“ ვერ გაარკვია, მაგრამ, მისი ორი წყაროს ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტის ზოგიერთმა წარმომადგენელმა, მათ შორის იურისტებმა, ამ გეგმასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატეს. თუმცა, შენიშვნების კონკრეტული შინაარსი არ დაუზუსტებიათ.
ევროპასთან აშშ-ის ურთიერთობები, შესაძლოა, კიდევ უფრო გაუარესდეს
პროექტმა, შესაძლოა, კიდევ უფრო გააუარესოს ურთიერთობა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასა და ევროპაში ამერიკის ტრადიციულ მოკავშირეებს შორის, რომელიც სავაჭრო დავების, უკრაინის ომისა და გრენლანდიის საკითხზე უთანხმოების გამო, ისედაც საკმაოდ დაძაბულია.
„როიტერის“ ინფორმაციით, ამ ყველაფერთან ერთად, თეთრი სახლი შეიძლება უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდეს, რადგან მსგავსი საიტის გაშვებით, რომელიც აკრძალულ კონტენტს გვერდს აუვლის, ვაშინგტონი უცხოელ მომხმარებლებს, ფაქტობრივად, ადგილობრივი კანონების დარღვევისკენ უბიძგებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა „როიტერს“ განუცხადა, რომ ის არ გეგმავს გვერდი აუაროს ცენზურას, რომელიც ექსკლუზიურად ევროპას ეხება. „თუმცა, ციფრული თავისუფლება სახელმწიფო დეპარტამენტის პრიორიტეტია და ეს გულისხმობს კონფიდენციალური და ცენზურის გვერდის ავლის ისეთი ტექნოლოგიების გავრცელებას, როგორიც ვირტუალური კერძო ქსელებია“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ განცხადებაში. ამავდროულად, აშშ-ის დიპლომატიურმა უწყებამ „მცდარი“ უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას პორტალის პრეზენტაციის გადადების შესახებ და უარყო, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის იურისტებმა რაიმე სახის შეშფოთება გამოთქვეს.
განსხვავებული მიდგომა გამოხატვის თავისუფლების მიმართ
ტრამპის ადმინისტრაცია გამოხატვის თავისუფლებას თავისი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად ასახელებს, მათ შორის - ევროპასთან და ბრაზილიასთან მიმართებაში. ვაშინგტონი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რასაც თავად „კონსერვატიული ხმების ჩახშობად“ მოიხსენიებს.
გამოხატვის თავისუფლების მიმართ ევროპული მიდგომა განსხვავდება ამერიკულისგან, სადაც კონსტიტუციით პრაქტიკულად ყველა სახის გამოხატვაა დაცული. ევროკავშირში დაწესებული შეზღუდვები კი ეფუძნება სურვილს, მოხდეს ისეთი ექსტრემისტული პროპაგანდის პრევენცია, რომლითაც, თავის დროზე, იკვებებოდა ნაციზმი, კერძოდ - ებრაელების, უცხოელებისა და უმცირესობების დისკრედიტაცია.
ამავდროულად, აშშ-ის ოფიციალურმა პირები ღიად აკრიტიკებენ ევროპულ პრაქტიკას, რომელიც, მათი თქმით, აჩუმებს მემარჯვენე პოლიტიკოსებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა რუმინეთი, გერმანია და საფრანგეთი.
ამ კონტექსტში, აშშ-ის მთავრობამ ევროკავშირის ციფრული სერვისების აქტი და დიდი ბრიტანეთის ონლაინ-უსაფრთხოების აქტი „თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის საშუალებებად“ დაახასიათა. ვაშინგტონში ევროკავშირის წარმომადგენლობას ჯერ არ უპასუხია „როიტერის“ თხოვნაზე, კომენტარი გაეკეთებინა ახალი სავარაუდო პორტალის შესახებ.
წესების თანახმად, რომლებიც ყველაზე მეტად მოქმედებს სოციალურ ქსელებსა და დიდ პლატფორმებზე, როგორიცაა Facebook-ი და X-ი, ევროკავშირი ზღუდავს ხელმისაწვდომობას და ზოგიერთ შემთხვევაში მოითხოვს უკანონო სიძულვილის ენად, ტერორისტულ პროპაგანდად ან მავნე დეზინფორმაციად კვალიფიცირებული კონტენტის დაუყოვნებლივ წაშლას. Reuters-ის ცნობით, ეს ზომები 2008 წლიდან მიღებულ წესების, კანონებისა და გადაწყვეტილებების ერთობლიობაზეა დაფუძნებული.
წყარო: 1 არხი