2017 წელს თბილისის მერიის წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო დავა მოსარჩელე მხარის გამარჯვებით დასრულდა. უზენაესმა სასამართლომ ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის’’ აღმასრულებელი დირექტორის სარჩელი დააკმაყოფილა და მერიას თბილისის ზღვის ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორიაზე ბარიერებისა და გამაფრთხილებელი ბანერების დამონტაჟების ვალდებულება დააკისრა. ალეკო ცქიტიშვილმა მერიის წინააღმდეგ დავა 2017 წელს დაიწყო. მოსარჩელე მხარე ითხოვდა, ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფას და მორალური ზარალის ანაზღაურებას. აღნიშნულ ტერიტორიაზე 2017 წელს ალეკო ცქიტიშვილის შვილი გარდაიცვალა. მოსარჩელე მხარე განმარტავდა, რომ ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორიის მიმდებარედ ყოველწლიურად ახალგაზრდების დახრჩობის შემთხვევების მზარდი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა. სარჩელი პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა, თუმცა გადაწყვეტილება მერიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. მეორე ინსტანციაში, კი დედაქალაქის მმართველი ორგანოს სარჩელი დაკმაყოფილდა და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა. დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდა, რომელმაც საბოლოოდ სარჩელი დააკმაყოფილა. საკითხზე ,,კომერსანტი’’ საქმის ადვოკატს ნესტან ლონდარიძეს ესაუბრა.
,,პირველი ინსტანციის სასამართლოდან მოყოლებული ვითხოვდით, რომ თბილისის ზღვის ე.წ. ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორია უსაფრთხოების კუთხით ყოფილიყო დაცული, შემოსაზღრულიყო ჯებირით და ასევე, განთავსებულიყო გამაფრთხილებელი აბრები. მეორე მხრივ ვითხოვდით მორალური ზარალის ანაზღაურებას. პირველი ინსტანციის სასამართლომ თბილისის მერიას დაავალა ქმედების განხორციელება. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ ადგილზე ვიზიტი განახორციელა, რათა შეფასებულიყო რამდენად წარმოადგენდა ეს ადგილი საშიშროებას ახალგაზრდებისთვის. ჩვენ გვქონდა წარდგენილი სტატისტიკა, საიდანაც ირკვეოდა, რომ სწორედ ამ ადგილას ყოველწლიურად, 2016-2017 წლებში სამ-სამი ადამიანი გარდაიცვალა. 2018 წელს კი ამ ტერიტორიაზე 5 ადამიანი გარდაიცვალა. ამდენი წელი დასჭირდა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ჩვენ ასევე ვითხოვდით სამუშაო ჯგუფის შექმნას, სადაც მერიის წარმომადგენლები და ექსპერტები შევიდოდნენ და შეისწავლიდნენ რა იყო საჭირო ამ ადგილზე უსაფრთხოების დაცვისთვის. რაზეც მერიამ უარი განაცხადა. ასევე უარი განაცხადა კედლის განთავსებაზე. არგუმენტი იყო, რომ ბიუჯეტში თანხები არ არსებობდა. ერთ დღესაც გამოცხადდნენ სასამართლო პროცესზე და გვითხრეს, რომ შეასრულეს ვალდებულება და ბანერი განათავსეს. თბილისის ზღვაზე განათავსეს ქაღალდის აბრები. თბილისის ზღვა ქარიანია და წარმოიდგინეთ, დაპრესილი ქაღალდის აბრას რომ განათავსეს. ერთ კვირაში ჩვენ ადგილზე ავედით, რომ გვენახა. რა თქმა უნდა, ის აბრები არ დაგვხვდა და ქარმა დაგლიჯა. შემდეგ უკვე სააპელაციო სასამართლომ გააუქმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. დააკმაყოფილა მერიის მოთხოვნა და საერთოდ უარი გვითხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რაც გასაჩივრდა უზენაეს სასამართლოში. ამ პერიოდში უკვე ტერიტორია შემოსაზღვრული იყო. მერიის დავალებით, ეს განახორციელა GWP-მ.’’- აცხადებს ადვოკატი ნესტან ლონდარიძე.
ადვოკატი საქმის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. ნესტან ლონდარიძე განმარტავს, რომ 2015 წლიდან საუბარია კანონის მიღებაზე, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის დაცვაზე პასუხისმგებლობა უნდა განსაზღვროს, თუმცა კანონი ამ დრომდე მიღებული არ არის. მერია სასამართლოში სწორედ ამ საკითხზე აპელირებდა და მიუთითებდა, რომ კანონის არარსებობის პირობებში მათ ვალდებულება არ ეკისრებოდათ. ადვოკატი განმარტავს, რომ სწორედ ამ გარემოებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც პრეცედენტულია.
,,უზენაესში გასაჩივრებას თავისი საფუძველი ჰქონდა, რადგან საჭიროა შექმნილიყო პრეცედენტი. ასეთი ადგილების დაცვა უნდა ხდებოდეს. კანონი, რომელიც უნდა მიეღოთ ადამიანის სიცოცხლის დაცვასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ 2015 წელს, ყოველწლიურად გადადება ხდება კანონის მიღების. ცდილობდნენ, რომ ეს საფუძველი დაედოთ, რომ არ არსებობდა კანონი, რომელიც ვინმეს დაავალდებულებდა დაცულობას. შეიქმნა პრეცედენტი და ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. უზენაესმა სასამართლომ სრულად დააკისრა მერიას ღობის არსებობაც და საინფორმაციო აბრების განთავსებაც.’’- აცხადებს ნესტან ლონდარიძე.
საბოლოო გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ 20 ნოემბერს მიიღო. ქმედების განხორციელებასთან ერთად, რაც ბარიერებისა და გამაფრთხილებელი ბანერების დამონტაჟებას გულისხმობს, მერიას მორალური ზიანისთვის კომპენსაციის სახით 25 000 ლარის გადახდა დაეკისრა. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის’’ აღმასრულებელმა დირექტორმა ალეკო ცქიტიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი განათავსა, სადაც წერს, რომ მოქალაქეთა დახრჩობის პრევენციის მიზნით კამპანია გაგრძელდება.
,,მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას არა აქვს პოლიტიკური ნება, გაატაროს სისტემური ცვლილებები წყლის ობიექტებზე მოქალაქეთა დახრჩობის პრევენციისთვის, ჩვენი კამპანია კვლავ გრძელდება და სწორედ ასეთი გამარჯვებებით, შევეცდებით, მივაღწიოთ დასახულ მიზნებს.’’- წერს ალეკო ცქიტიშვილი.