ისრაელის პოლიტიკურმა ლიდერებმა სამხედროებს დაავალეს ქალაქ ღაზაზე სრული კონტროლის დასამყარებლად დაწყებული ოპერაციის „მინიმუმამდე დაყვანა". ამის შესახებ ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებელი და თავდაცვის არმიის რადიო იუწყებიან. ამ ცნობების თანახმად, სამხედროები მხოლოდ თავდაცვით მანევრებს შეასრულებენ.
პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა ჰამასი, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, 3 ოქტომბერს, ღამით დასთანხმდა შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის პუნქტების ნაწილს, მათ შორის ისრაელიდან 2023 წლის ოქტომბერში გატაცებული მძევლების გათავისუფლებას.
აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული ჰამასის თანხმობის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელმა ღაზაზე დარტყმები დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს.
სექტემბრის ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე წარმოადგინა ღაზის სექტორში ომის დასრულების გეგმა და განაცხადა, რომ მას მხარს უჭერენ აშშ, ისრაელი და არაერთი სხვა ქვეყანა და მხოლოდ ჰამასის თანხმობაა საჭირო.
ტრამპმა ჰამასს 5 ოქტომბრის საღამომდე მისცა ვადა ღაზაზე შეთანხმების მისაღებად: წინააღმდეგ შემთხვევაში „ჯოჯოხეთი“ დაიწყება.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის გეგმა 20-პუნქტიანია. ის ითვალისწინებს ღაზაში ომის დასრულებას ჰამასის მიერ ყველა მძევლის გათავისუფლებიდან 72 საათის განმავლობაში და ისრაელის მიერ ასეულობით პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას. გეგმა გამორიცხავს ჰამასის მონაწილეობას ღაზის სექტორის მართვაში და ტოვებს სამომავლოდ პალესტინის სახელმწიფოს შექმნის შესაძლებლობას.
ტრამპის 20-პუნქტიანი გეგმის მთავარი პასაჟები:
- პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობის, ისრაელის, აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჰამასის მიერ კონტროლირებულ ღაზის სექტორში ისრაელის ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია მოჰყვა 2023 წლის ოქტომბერში ისრაელის სამხრეთზე ჰამასის თავდასხმას, 1200-მდე ადამიანის დახოცვას და 250-ზე მეტის მძევლად აყვანას.
- მოგვიანებით მძევლების ნაწილი გაათავისუფლეს, ნაწილი დაიღუპა. ჰამასის ტყვეობაში დარჩა 50-მდე მძევალი, რომელთა ნახევარი სავარაუდოდ, გარდაცვლილია.
- ისრაელის ფართომასშტაბიანმა სამხედრო ოპერაციამ ღაზის სექტორში დიდი მსხვერპლი და ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია. ჰამასის მიერ კონტროლირებული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2025 წლის სექტემბრის პირველ ნახევარში გავრცელებული მონაცემებით, რომლებიც დამოუკიდებელი წყაროებით გადაუმოწმებელია, დაღუპულია 64 ათასზე მეტი ადამიანი.
- 2025 წლის სექტემბრიდან ისრაელმა დაიწყო სახმელეთო ოპერაციაც ქალაქ ღაზაზე სრული კონტროლის დასამყარებლად.