საქართველოში უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ კანონიერად ყოფნის ვადის გადაცილების გამო დაკისრებული ჯარიმის გასაჩივრება სანქციის აღსრულებას აღარ შეაჩერებს, შესაბამისი ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 31 აგვისტოდან ამოქმედდა.

ცვლილება კოდექსის 191-ე მუხლს ეხება, რომელიც საქართველოში უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების ყოფნისა და ქვეყნის ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაადგილების წესების დარღვევისთვის პასუხისმგებლობას განსაზღვრავს.

მოქმედი რეგულაციით, საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის გადაცილების შემთხვევაში უცხოელს ჯარიმა ეკისრება, რომლის ოდენობაც დარღვევის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული.

კერძოდ:

  • ქვეყანაში ყოფნის ვადის 3 თვემდე გადაცილების შემთხვევაში ჯარიმა 1 000 ლარია, ხოლო საქართველოში შემოსვლა 6 თვით იზღუდება;
  • 3 თვეზე მეტი და 1 წლამდე ვადით გადაცილების შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარს შეადგენს და საქართველოში შემოსვლა 2 წლით იკრძალება;
  • 1 წელზე მეტი ვადით გადაცილების შემთხვევაში ჯარიმა 3 000 ლარია, ხოლო საქართველოში შემოსვლა 3 წლით იზღუდება.

ამავე მუხლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაადგილების წესების დარღვევა 500 ლარით ჯარიმდება.

პასუხისმგებლობა ასევე ეკისრებათ იმ ფიზიკურ პირებსა და საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, რომლებიც უცხოელს იწვევენ, მომსახურებას უწევენ ან მისი მომსახურებით სარგებლობენ ქვეყანაში ცხოვრების, მუშაობისა და სწავლის უფლების მოპოვების დადგენილი წესების დარღვევით. ასეთ შემთხვევაში გათვალისწინებულია გაფრთხილება ან 2 000 ლარის ოდენობის ჯარიმა.

ახალი წესით, 191-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამო მიღებული გადაწყვეტილების ან საჯარიმო ქვითრის გასაჩივრება მის აღსრულებას აღარ აჩერებს. შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრების ფაქტი დაკისრებული სანქციის შესრულებას ავტომატურად აღარ გადადებს.

გარდა ამისა, 191-ე მუხლის პირველი ოთხი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში ინფორმაცია შესაბამის ორგანოებს მიეწოდება. ჯარიმის სრულად გადახდამდე პირს საქართველოს ვიზა არ გაეცემა და ქვეყანაში შემოსვლის ნებართვას ვერ მიიღებს.

ცვლილება ასევე შეეხო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. აღნიშნული მუხლი, მათ შორის, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვას არეგულირებს. ასეთ შემთხვევაში მართვის უფლების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრებაც მის აღსრულებას აღარ შეაჩერებს.