თბილისის საჯარო ბაღებში რეგისტრაციის პირველი ეტაპი 10 ივლისს დაიწყება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, რეგისტრაცია ელექტრონულად, სამ ეტაპად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე www.kids.org.ge წარიმართება .

„პირველი ეტაპი დაიწყება 10 ივლისს, 10:00 საათზე და 16 ივლისის 00:00 საათამდე გაგრძელდება.

პირველ ეტაპზე, მიზნობრივი სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი ბავშვები დარეგისტრირდებიან:

ა) სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 000 ქულას;

ბ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები;

გ) ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები;

დ) მარტოხელა მშობლის შვილი;

ე) მრავალშვილიანი ოჯახის შვილები ან/და ნაშვილები;

ვ) სამხედრო მოსამსახურეების შვილები;

ზ) საჯარო ბაღის აღსაზრდელთა დედმამიშვილები;

თ) საჯარო ბაღებში დასაქმებულ თანამშრომელთა შვილები; მეორე ეტაპზე დარეგისტრირდებიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, რეგისტრაციის მეორე მეორე ეტაპი დაიწყება 17 ივლისს, 10:00 საათზე და 24 ივლისის 00:00 საათამდე გასტანს.

რაც შეეხება მესამე ეტაპს, თბილისის მერის განმარტებით, ის საყოველთაო რეგისტრაციას გულისხმობს, რომელიც 25 ივლისს, 10:00 საათზე დაიწყება.

„რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელიც სასწავლო-აღმზრდელობითი წლის დასაწყისში, 18 სექტემბრის მდგომარეობით შეუსრულდება ორი წელი. იმ შემთხვევაში, თუ მშობელი რაიმე მიზეზით ვერ ახერხებს ბავშვის ელექტრონულ რეგისტრაციას, შეუძლია სასურველ საბავშვო ბაგა-ბაღს განცხადებით მიმართოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.