თბილისის მერია კადრების გათავისუფლებას აგრძელებს. მიმდინარე თვიდან მერიის სტრუქტურულ ერთეულებში 17 ადამიანით ნაკლები იმუშავებს.
მერიის სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის დადგენილებაში შესაბამისი ცვლილება 28 თებერვალს შევიდა.
საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის მიერ ხელმოწერილი დადგენილება, რომელიც 2025 წლის 17 მარტიდან ამოქმედდება, კადრებს მერიის არაერთ ერთეულში ამცირებს. უფრო დეტალურად, ცვლილების შედეგად:
- მერიის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხაში 117 ადამიანის ნაცვლად 112 დარჩა;
- მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის საშტატო ნუსხა 2 ადამიანით შემცირდა და 24-ს შეადგენს.
- მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში 3-ით ნაკლები, 42 კადრი იმუშავებს.
- კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურში ასევე 3-ით ნაკლები, 37 შტატი დამტკიცდა.
- მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურში 4-ით ნაკლები, 56 ადამიანისგან შემდგარი ნუსხა დამტკიცდა.
აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილების ფარგლებში, თბილისის მერიის კულტურის პროექტებისა და პროგრამების განყოფილების თანამშრომელი, ანა კომლაძეც გაათავისუფლეს. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, 4 შტატიანი განყოფილება, რომელიც საქმეს ვერ აუდიოდა 2 შტატამდე დაიყვანეს, მისი და მისი კოლეგის დასჯის მიზნით.
ცნობისთვის, თბილისის მერიამ რეორგანიზაციის შესახებ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც გასული წლის ნოემბრიდან მერიის თანამშრომელთა ნაწილი „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას გაემიჯნა. მას შემდეგ სამსახურიდან არაერთი საჯარო მოხელე გაუშვეს. გათავისუფლებულები ფაქტს საკუთარ პოზიციას უკავშირებენ.