„სოფლის მეურნეობაში ტრაქტორებზე მოთხოვნა წლიურად 10 პროცენტით იზრდება“, - ამის შესახებ „კომერსანტის თემის“ ეთერში საუბრისას „აგრო მოტორსის„ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი კოლბაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მთავარი გამოწვევა ისაა, რომ ბაზარზე შედარებით დაბალი ხარისხის იაფი ჩინური ტექნიკა დომინირებს, რისი მთავარი მიზეზიც ფერმერების დაბალი მსყიდველობითი უნარია.
„კოვიდის შემდეგ მთელს მსოფლიოში და, რა თქმა უნდა, საქართველოშიც იმატა სოფლის მეურნეობის აქტივობამ და მოთხოვნამ ტექნიკაზე. საქართველოში წლიდან წლამდე ტრაქტორების ბაზარი 10 პროცენტით იზრდება. სამწუხაროდ მაინც ის ფაქტი რჩება, რომ ქართულ ბაზარზე 90 პროცენტი ჩინური ტრაქტორების რეალიზაცია ხდება. ეს იმიტომაც ხდება, რომ სუბსიდირების ნაწილი შემცირებულია და ფერმერები ეძებენ იაფ ტექნიკას.
თუმცა, ობიექტურად რომ შევხედოთ, ტექნიკაზე მოთხოვნა იზრდება, რასაც, თავის მხრივ, განაპირობებს ის ფაქტორიც, რომ ჩვენთან მუშახელ ქრება სოფლის მეურნეობაში. შესაბამისად, ყველა ფერმერს უწევს, რომ თავის საქმიანობაში მაქსიმალურად შეიტანოს მექანიზაცია“, - აცხადებს გიორგი კოლბაია.