კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრში რეორგანიზაცია გამოცხადდა,- ამის შესახებ ცენტრის თანამშრომლებმა ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

გავრცელებული ინფორმაციით, რეორგანიზაციის შედეგად შტატი გაუქმებულია და 12 ივლისიდან გათავისუფლებული არიან დირექტორის მოადგილის პოზიციიდან მაკო ჭილაშვილი და ნინო კუხალაშვილი.

ნინო კუხლაშვილმა გათავისუფლების შესახებ თავადვე გაავრცელა ინფორმაცია სოციალურ ქსელში.

კუხალაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს დაურეკეს კულტურის სამინისტროდან და უთხრეს, რომ მისი შტატი გაუქმებულია და 12 ივლისიდან გათავისუფლებულია დირექტორის მოადგილის პოზიციიდან.

„მოადგილეების პოზიციის გაუქმებას სჭირდება ცვლილების შეტანა კინოცენტრის დებულებაში, რაც რა თქმა უნდა განახორციელა წულუკიანმა. დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა კობა ხუბუნაია, რომელიც ორი დღით ადრე დანიშნეს კინოცენტრის ფინანსურ მენეჯერად, რომელსაც ამავე დროს უჭირავს კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის პოზიცია. უბრალოდ ინფორმაციისთვის, თორემ ახალი არაფერია, კინოცენტრს დიდი ხანია ვუწოდე კულტურის სამინისტროს დეპარტამენტი და ახლა ეს ყველაფერი სამართლებრივად ,,გაიმართა“,- წერს კუხალაშვილი.