საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ნაადრევი გარდაცვალების (15-დან 60 წლამე ასაკში) მიზეზებს შორის მხოლოდ 10% უკავშირდება ჯანდაცვის სისტემას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი – 40% კი ადამიანების ქცევაა. დანარჩენ შემთხვევაში მიზეზი გარემო ფაქტორები და სოციალური გარემოა.

ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტი სიმონ გაბრიჭიძე აცხადებს და ამ სტატისტიკაზე დაყრდნობით ამბობს, რომ აუცილებელია აქცენტის გაკეთება დაავადებების პრევენციაზე, მაგალითად მარილის მოხმარების შემცირებასა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაზე.

მისი თქმით, ესაა მსოფლიო სტატისტიკა, რომელიც საშუალოდ ყველა ქვეყნისთვის მსგავსია.

ექსპერტის განცხადებით, სახელმწიფომ განაცხადა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში 7 მილიარდი დოლარი დახარჯა, ცხოვრების ჯანსაღი ქცევის პოპულარიზაციაზე კი 7 მილიონიც არ დახარჯულა.

მისივე განცხადებით, ქვეყანას უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობის სტრატეგია, სადაც ყველა ეს ფაქტორი ერთმანეთს დაუკავშირდება.

გაბრიჭიძის განცხადებით, ქცევის  შეცვლა რთულია, ამიტომ ბევრ ქვეყანაში ამას იწყებენ ჯერ კიდევ ბაღის ასაკიდან. ესაა მავნე ჩვევებზე უარის თქმა, ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობა.