სატვირთო გადაზიდვების სექტორში კვალიფიციური მძღოლების დეფიციტი ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ გამოწვევად რჩება. როგორც საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის კავშირის (IRU) უახლესი კვლევა აჩვენებს, მსოფლიოში საავტომობილო გადაზიდვების ზრდა პროფესიონალი მძღოლების რაოდენობას მნიშვნელოვნად უსწრებს, რაც დარგის განვითარებას აფერხებს.

კვლევის მიხედვით, მსოფლიოს 18 უმსხვილეს სატრანსპორტო ბაზარზე ამჟამად 2.9 მილიონი მძღოლის ვაკანსიაა შეუვსებელი, რაც სექტორში დასაქმებულთა დაახლოებით 11%-ს შეადგენს.

ყველაზე რთული მდგომარეობა ევროპაშია, სადაც 500 ათასზე მეტი სატვირთო ავტომობილის მძღოლი აკლია, რაც მოთხოვნის დაახლოებით 13%-ს უდრის. აშშ-სა და კანადაში კი ამჟამად დაახლოებით 350 ათასი ვაკანსიაა, ხოლო პროგნოზის მიხედვით, 2028 წლისთვის დეფიციტი მინიმუმ გაორმაგდება.

პრობლემა საქართველოზეც აისახება. სატრანსპორტო კომპანიები აცხადებენ, რომ კვალიფიციური მძღოლების მოძიება სულ უფრო რთულია, რის გამოც ზოგიერთ კომპანიას სატვირთო ავტომობილებიც კი უმოქმედოდ ჰყავს დატოვებული. სექტორის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ქართველი მძღოლების ნაწილი უკეთესი ანაზღაურების გამო უცხოეთში გადადის, რაც ადგილობრივ ბაზარზე კადრების დეფიციტს კიდევ უფრო ამწვავებს.

IRU-ის შეფასებით, ეს პრობლემა დროებითი აღარ არის და მას დემოგრაფიული და სტრუქტურული ფაქტორები განაპირობებს. ორგანიზაციის პროგნოზით, 2030 წლისთვის მსოფლიოში დაახლოებით 4 მილიონი პროფესიონალი მძღოლი საპენსიო ასაკს მიაღწევს, რაც სამუშაო ძალის 12%-ს შეადგენს. მხოლოდ ევროპაში მომდევნო წლებში დარგმა შესაძლოა დამატებით 660 ათასი მძღოლი დაკარგოს საპენსიო ასაკის გამო.

IRU-ის პრეზიდენტის, უმბერტო დე პრეტოს განცხადებით, მხოლოდ ხელფასების ზრდა პრობლემის გადასაჭრელად საკმარისი აღარ არის. მისი თქმით, კომპანიებმა უნდა გააუმჯობესონ სამუშაო პირობები, მათ შორის უზრუნველყონ უფრო პროგნოზირებადი სამუშაო გრაფიკი, გაზარდონ დასვენების დრო, მოაწყონ უსაფრთხო საპარკინგე სივრცეები და განავითარონ შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ მთავარი ამოცანა არა მხოლოდ მოქმედი მძღოლების შენარჩუნება, არამედ ახალი, განსაკუთრებით ახალგაზრდა კადრების მოზიდვაა.

ამ მიმართულებით ევროკავშირის ქვეყნებში ერთ-ერთ გამოსავლად განიხილება პროფესიონალი მძღოლებისთვის მართვის მინიმალური ასაკის შემცირება და კვალიფიკაციის მიღების ხარჯების სახელმწიფო სუბსიდირება.

საქართველოში კი სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საერთაშორისო გადაზიდვებში დასაქმებული მძღოლებისთვის საჭირო სერტიფიკატებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების მიღების ხარჯების ნაწილობრივი დაფინანსება, განსაკუთრებით 25 წლამდე ახალგაზრდებისთვის, პროფესიის პოპულარიზაციასა და კადრების დეფიციტის შემცირებას შეუწყობდა ხელს.