“საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის” თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში სტიქიური მოვლენებისგან მიყენებული მძიმე ფინანსური ზარალი პირდაპირკავშირშია ტერიტორიების ზონირების არარსებობასთან. მისი განმარტებით, დაზღვევა ვერ იქნება ეფექტური იქ, სადაც სახელმწიფო მკაცრად არ განსაზღვრავს, სად არის მშენებლობა დაშვებული და სად - კატეგორიულად აკრძალული.
როგორც ხეჩინაშვილი BMG-სთან აცხადებს, საზოგადოებაში არსებობს მცდარი შეხედულება, თითქოს სტიქიასთან ბრძოლა დაზღვევით იწყება. სინამდვილეში, პირველი ნაბიჯი რისკების სისტემური მართვა და ტერიტორიების საფრთხის მიხედვით დაყოფაა.
„ყველაფერი იწყება რისკის მართვის სხვადასხვა ღონისძიებებით, მათ შორის, მაგალითად, მაღალი რისკის ხეობები საფრთხის მიხედვით იყოფა ზონებად. პირველი ზონა, წყალთან ყველაზე ახლო ზონაა, საერთოდ არავითარი სამეურნეო საქმიანობა არ შეიძლება, რაც ჩვენთან როგორც წესი დარღვეულია. მეორე ზონაშიც იზღუდება სახლების, ოფისების, ქარხნების მოწყობა, იმიტომ რომ იქაც ძალიან მაღალია რისკი. მესამე ზონიდან უკვე იწყება ის ტერიტორია, სადაც დაზღვევა ეფექტურია.
დაახლოებით, ასეთი მიდგომა არის გასატარებელი ნაბიჯ-ნაბიჯ, სისტემურად. მაშინ ყველაფერი ეფექტური და ეფექტიანი იქნება. თუ ამას მივუდგებით სისტემურად, მართლა შევქმნით წესებს, რომელიც შეარბილებს ხდომილებას და ის რაც დაზღვევადია, დაზღვევით ეფექტურად კომპენსირდება“ - აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.
ასოციაციის თავმჯდომარე საუბრობს იმ ტენდენციაზეც, როდესაც მოქალაქეები მიწას დაბალი ფასის გამო მაღალი რისკის ზონებში ყიდულობენ, რაც საბოლოოდ კატასტროფული ზარალით სრულდება. ხეჩინაშვილის თქმით, ხშირად არის უკანონო მშენებლობებს, რომლებიც შემდგომში კანონდება, თუმცა, ეს საბუთი შენობას სტიქიისგან ვერ იცავს.
„თბილისში, ვერეს ხეობის ტრაგედიისას, ქონებრივი ზარალის უმეტესობა სწორედ იმ სახლებზე მოდიოდა, რომლებიც არასწორ ადგილას იყო აშენებული. ზუსტად იგივე სიტუაციაა თელავშიც. ადამიანები აშენებენ იქ, სადაც მიწა იაფია, მერე კი სტიქიის დროს ყველაფერს კარგავენ. ეს არის კლასიკური შემთხვევა, როცა მომჭირნე იხდის ორჯერ,“ - აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.
მისივე თქმით, გამოსავალი მხოლოდ სახელმწიფოებრივ მიდგომაშია - არსებობს გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული დეტალური კვლევები (მაგალითად, რიონის ხეობაზე), სადაც მეტრობით არის გაწერილი უსაფრთხოების საზღვრები, თუმცა ამ მონაცემების პრაქტიკაში გამოყენება დაბალია.
„მთავარია მოხდეს ზონირება და მშენებლობის ნებართვები სწორედ ამ ზონებს მიებას. სადაზღვევო სექტორს წინასწარ უნდა ეცნობის, სად რა რისკია. თუ რისკი დეტერმინირებულია - ანუ წინასწარ ვიცით, რომ ორ წელიწადში ერთხელ, იქ წყალდიდობა ხდება - იქ დაზღვევა ვერ იმუშავებს. დაზღვევა ეფექტურია იქ, სადაც რისკი შესაძლებელია, მაგრამ არა გარდაუვალი,“ - ამბობს ხეჩინაშვილი.