თერჯოლაში მდებარე საკონსერვო საწარმოს "ედენას" პროდუქციის 100% ექსპორტზე გადის.

როგორც კომპანიის დირექტორი სულხან მეტრეველი "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, საწარმოს ძირითადი საექსპორტო ბაზრები აშშ, ისრაელი და რუსეთია.

მისივე თქმით, კომპანია დღეში დაახლოებით 10 000 ერთეულ პროდუქციას აწარმოებს.

"საწარმოს დაახლოებით 50 სახეობის პროდუქტი აქვს. ძირითადი მიმართულებები საწებლები და სანელებლებია. საწებლები "იორისა" და "მადლის" ბრენდებით იწარმოება, ხოლო სანელებლების მიმართულებით, მათ შორის, სვანური მარილი გვაქვს.

ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციას ამ ეტაპზე აღარ ვყიდით, რადგან ორგანიზაციული პრობლემების გამო გადასახადს აგვიანებენ. მწარმოებელი კომპანია ვართ - უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, ჩვენთან ბიზნესის მფლობელები მოდიან და თავიანთი ბრენდით პროდუქციის წარმოებას გვთავაზობენ. ნედლეულს საქართველოს მასშტაბით ვყიდულობთ. საწარმოო წარმადობის გაზრდას ვგეგმავთ და ამისთვის ჩამოსასხმელი ხაზის გაფართოებას ვაპირებთ. კონკრეტულად რამდენით გაიზრდება წარმადობა, ამ ეტაპზე ზუსტ ციფრს ვერ დაგისახელებთ. ამასთან, მუდმივად ვცდილობთ რომ განვითარდეთ და საწარმო აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით იყოს", - ამბობს სულხან მეტრეველი.

ცნობისთვის, საკონსერვო საწარმო "ედენა" იმერეთში, თერჯოლაში მდებარეობს. კომპანიაში 50-მდე ადამიანია დასაქმებული.

bp.ge