პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში, ახალ მოდელში ჩასართავად, სამედიცინო დაწესებულებებს განაცხადის წარდგენის ვადა 2026 წლის პირველ ოქტომბრამდე აქვთ.
წარმოდგენილი განაცხადების განხილვის შემდეგ, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაწესებულებები განახლებულ დაფინანსების მოდელში 2027 წლის 1 მარტიდან ჩაერთვებიან. ამ ეტაპზე კი საპილოტე პროექტი მიმდინარეობს, რომელშიც 43 დაწესებულებაა ჩართული.
რეფორმის ფარგლებში, რომელიც 2025 წლიდან დაიწყო, შეიცვალა საბაზისო პაკეტი, გაიზარდა მისი მოცულობაც და ღირებულებაც, რასაც სახელმწიფო ამ დაწესებულებებს უხდის. რეფორმის მიზანია, ანაზღაურების ფიქსირებული, უნიფიცირებული მოდელი ჩანაცვლდეს ასაკ-სპეციფიკური ფიქსირებული ტარიფებით, ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად.
როგორც ოჯახის ექიმი მარინა შიხაშვილი აცხადებს, ეს პაკეტი ბევრად მომხიბვლელი გახდა მოქალაქეებისთვის, ვიდრე ოდესმე ყოფილა.
მაგალითისთვის მოვიყვანთ რამდენიმე ინდიკატორს: 50% მაინც უნდა იყოს ჰიპერტენზიით დაავადებული 18 წლის და უფროსი ასაკის პაციენტების მაჩვენებელი, რომელთაც განახორციელეს ვიზიტი პჯდ ექიმთან და სამედიცინო დოკუმენტში ასახულია არტერიული წნევა და შეფასებულია მკურნალობა. ასევე 50% უნდა იყოს ჰიპერტენზიით დაავადებული 40 წლის და უფროსი ასაკის პაციენტების სამიზნე მაჩვენებელი, რომელთაც განუსაზღვრეს მიკროალბუმინურიის ტესტი თირკმლის დაზიანების შეფასების მიზნით.
შედეგზე დაფუძნებული ანაზღაურება გულისხმობს განსაზღვრული ინდიკატორების შესრულების შემთხვევაში, დამატებითი ანაზღაურების მექანიზმს.
ასევე აღსანიშნავია, რომ რეფორმის ფარგლებში, არსებულ გეგმურ ამბულატორიულ მომსახურებებს 4 ლაბორატორიული და 2 ინსტრუმენტული გამოკვლევა დაემატა. ესენია:
მიკრო ალბუმინურიის (UACR) განსაზღვრა შარდში, კალიუმისა და ნატრიუმის განსაზღვრა სისხლში, შარდმჟავას განსაზღვრა სისხლის შრატში, გლიკირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა, ექოკარდიოგრაფია (ტრანსთორაკალური, მხოლოდ გულის უკმარისობის C სტადიის დროს) და სპირომეტრია.
მარინა შიხაშვილის თქმით, განვითარებული პირველადი ჯანდაცვის პირობებში, რომელიც პრევენციას (მათ შორის სხვადასხვა დაავადების სკრინინგს) და პროაქტიურ სერვისებს მოიცავს, შემცირდება სიკვდილიანობა, ჰოსპიტალიზაცია და, შედეგად, სახელმწიფოს გართულებული პაციენტების მართვაზე ნაკლები დანახარჯის გაწევა მოუწევს.
„თუ ქვეყანაში არაა კარგი ეკონომიკური მდგომარეობა, არც ბაზისური პაკეტია ფართო. იყო დრო, როცა საქართველოში პირველადი ჯანდაცვა მხოლოდ უბნის ექიმის მომსახურებას გულისხმობდა და არ მოიცავდა კვლევებს. 2025 წლიდან საბაზისო პაკეტი, მისი მოცულობაც და ღირებულებაც გაიზარდა. ეს პაკეტი ბევრად მომხიბვლელი გახდა მოქალაქეებისთვის, ვიდრე ოდესმე ყოფილა,“ - აღნიშნა შიხაშვილმა.
მისი განმარტებით, ყველა ასაკს თავისი სპეციფიკური პრევენციული სერვისების საჭიროებები აქვს და ამ სერვისების მიწოდება სწორედ პირველადი ჯანდაცვის ფუნქციაა.
პირველადი ჯანდაცვის რეფორმაში სახელმწიფო მომდევნო წლების განმავლობაში 120 მილიონი ლარის ინვესტიციას გეგმავს.
„ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიის“ თანახმად, 2027 წლისთვის, წელიწადში ერთი ადამიანის პირველადი ჯანდაცვის ცენტრში კვლევებზე მისვლის საშუალო რაოდენობა 5 უნდა იყოს. 2030 წლისთვის ამ მონაცემის 6-მდე გაზრდა იგეგმება. ამ ეტაპზე ეს მაჩვენებელი 4-ს შეადგენს.