„გარდიანის“ ცნობით, აშშ-ში მცხოვრები, რუსეთში დაბადებული ბიზნესმენი კონსტანტინ სოკოლოვი დაინიშნა იმ 200 მილიონ დოლარზე მეტი მოცულობის დაფინანსების ზედამხედველად, რომელიც „ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) პროექტისთვის არის გათვალისწინებული. მარშრუტი აზერბაიჯანს სომხეთის ტერიტორიის გავლით მის ექსკლავთან - ნახიჩევანთან დააკავშირებს.

სოკოლოვს, რომელსაც პოლიტიკაში მუშაობის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თეთრი სახლის 350-მილიონიანი სამეჯლისო დარბაზის ჯერ კიდევ დაუსრულებელი პროექტისთვის ფინანსური შემოწირულობა აქვს გაღებული, რამაც გააჩინა ეჭვები, რომ მისი დანიშვნა პოლიტიკური მადლიერების გამოხატულებაა.

„გარდიანმა“ ინფორმაცია 14 ივლისს გაავრცელა და აღნიშნა, რომ სოკოლოვის დანიშვნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც დაადასტურა.

Publika.ge