საქართველოს მთავრობამ მდინარის აუზებისა და სააუზო უბნების მართვის გეგმების შემუშავების, განხილვისა და დამტკიცების პროცედურა დაამტკიცა. შესაბამისი დადგენილება 20 აგვისტოს გამოიცა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.
ახალი წესი ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე განსაზღვრულ მდინარეთა აუზებსა და სააუზო უბნებზე, მათ შორის საერთაშორისო მდინარის აუზის იმ ნაწილებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს. თითოეული აუზისა და სააუზო უბნისთვის დამოუკიდებელი მართვის გეგმა უნდა მომზადდეს. გეგმებს მთავრობა 6 წლის ვადით დაამტკიცებს და ისინი ყოველ 6 წელიწადში ერთხელ განახლდება.
გეგმების პროექტების მომზადებას, საჯარო განხილვას, მთავრობისთვის წარდგენასა და შემდგომ მონიტორინგს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უზრუნველყოფს.
სააუზო მართვის გეგმა უნდა მოიცავდეს მდინარის აუზის მახასიათებლების ანალიზს, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების მდგომარეობაზე ადამიანის საქმიანობის გავლენის შეფასებას, დაბინძურების წყაროების ანალიზს, წყალაღების მოცულობებს, რისკის ზონებს, დაცული ტერიტორიების რუკებს, მონიტორინგის ქსელს, გარემოსდაცვით მიზნებსა და წყალსარგებლობის ეკონომიკურ ანალიზს. დოკუმენტში ასევე უნდა აისახოს კონკრეტული ღონისძიებების პროგრამა, პასუხისმგებელი უწყებები, შედეგების ინდიკატორები და გეგმის განხორციელებისთვის საჭირო ფინანსური და მატერიალური რესურსები.
პროცედურა საზოგადოების ჩართულობასაც ითვალისწინებს. სამინისტრო ვალდებულია გეგმის პროექტი და საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია განხილვამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს. დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ მოსაზრებებისა და შენიშვნების წარდგენა, მიღებული რეკომენდაციები კი განხილვას დაექვემდებარება.
წყაროები:
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, მთავრობის დადგენილება №401
საქართველოს კანონი „წყლის რესურსების მართვის შესახებ“