პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული უწყებების კოორდინირებული მუშაობის შედეგად ქალაქის გაწმენდა უმოკლეს ვადებში მოხერხდა. მისივე თქმით, რამდენიმე კომერციულ ობიექტზე მშენებლობის ნებართვები არასწორად იყო გაცემული, რამაც შექმნილი ვითარება გაამწვავა, ხოლო შესაბამისი უწყებები ამ საკითხს შეისწავლიან.

 „რაც შეეხება სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლას, მე, პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩართულ უწყებას. ძალიან აქტიურად იყო ჩართული გუშინდელი დღიდან ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რეგიონული განვითარების სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შსს, სამაშველო სამსახური სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში და სწორედ კოორდინირებული მუშაობის შედეგი იყო ის, რომ მაქსიმალურ ვადებში მოხერხდა თელავის გაწმენდა სტიქიის შედეგებისგან და რა თქმა უნდა, სამუშაოები ამ მიმართულებით გაგრძელდება.

რაც შეეხება მშენებლობის ნებართვებს, ნამდვილად არასწორად იყო გაცემული, მე ასე მიმაჩნია, თუმცა დანარჩენს, რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყებები დაადგენენ. არასწორად იყო გაცემული ნებართვები რამდენიმე კომერციულ ობიექტზე, რამაც გაამძაფრა ეს პრობლემა. ასეთი მოვლენებისგან მომავალში მაქსიმალურად უნდა იყოს დაზღვეული თითოეული ქალაქი და ყველა ზომა იქნება მიღებული, რომ თელავი მაქსიმალურად იყოს დაცული მომავალში ასეთი ტიპის მოვლენებისგან“ , - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის 12 ივლისს, კახეთში, თელავში სტიქია იყო, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. ნაშუაღამევს ქალაქში, გადაუღებელი წვიმის შედეგად, თელავის ხევი ადიდდა და ქუჩებზე გადმოვიდა.

მოვარდნილმა ღვარცოფმა - რომელსაც ქვა-ღორღი მოჰყვა, - მთლიანად დაანგრია ორი ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი.

სერიოზულად დაზიანდა ორი ქუჩა - კავკასიონისა და ალაზნის გამზირები.

დაიტბორა საცხოვრებელი კორპუსების პირველი სართულები, კომერციული ფართები, აფთიაქები და მაღაზიები. განადგურებულია მათი ქონება.