საქართველოში მოქმედი რვა წამყვანი აუდიტორული და საბუღალტრო კომპანიის ბოლო საანგარიშო წლის ჯამურმა შემოსავალმა 130 მილიონი ლარი შეადგინა. ანალიზი მოიცავს საერთაშორისო ქსელების წარმომადგენლებს — PwC Georgia, EY Georgia, KPMG Georgia, Deloitte, BDO Georgia, Nexia Georgia, ასევე ფინანსური მართვის ჯგუფს (FMG) და AccountAnts-ს.
კვლევის მიხედვით, Big 4-ის კომპანიებზე საერთო შემოსავლების დაახლოებით 57%, ანუ 74 მილიონი ლარი მოდის.
მთლიანი შემოსავლების მიხედვით, ქართული ბაზრის ლიდერი BDO Georgia გახდა, რომლის შემოსავალმაც 25.5 მილიონი ლარი შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ BDO გლობალურად სიდიდით მეხუთე აუდიტორული ქსელია, საქართველოში ლიდერობას ძირითადად არასააუდიტო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები განაპირობებს.
მხოლოდ აუდიტორული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლებით პირველ ადგილს PwC Georgia იკავებს, რომელმაც 2025 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით 13.8 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. BDO ამ მაჩვენებლით 7 მილიონი ლარით მესამე ადგილზეა და უსწრებს KPMG Georgia-ს (6.9 მილიონი ლარი) და Deloitte-ს (4.8 მილიონი ლარი).
კვლევა ასევე მიუთითებს Nexia Georgia-ს ზრდაზე. კომპანიის მთლიანი შემოსავალი 14.5 მილიონ ლარს აღწევს, რაც Deloitte-ის 10.2-მილიონიან მაჩვენებელს აღემატება, ხოლო აუდიტორული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლით Nexia Deloitte-ს მხოლოდ 1.3 მილიონი ლარით ჩამორჩება.
ანალიზის თანახმად, აუდიტორული ბიზნესი საქართველოში კლასიკურ asset-light მოდელს წარმოადგენს, სადაც მთავარი ღირებულება ადამიანური კაპიტალი და კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობებია. კომპანიების უმეტესობაში შრომის ანაზღაურება შემოსავლების 62%-72%-ს შეადგენს, ხოლო რვა კომპანიიდან შვიდს საბანკო ვალდებულება საერთოდ არ აქვს. ერთადერთი გამონაკლისია AccountAnts, რომლის ფინანსური მდგომარეობა სრულ ანალიზშია განხილული.