როგორც რეალურ, ისე გამოგონილ სამყაროებში ყინულსა და ცეცხლს შორის მრავალი კონტრასტი არსებობს — ისლანდიის ვულკანებიდან დაწყებული, ფენტეზი-სერიალ „სამეფო კარის თამაშებით“ დამთავრებული.
ეს ორი ელემენტი ჩვენი მზის სისტემის ადრეულ, ჩამოყალიბების პერიოდშიც მოქმედებდა. ადრეული მზის გარშემო არსებულ არეალში „ცეცხლს“ წარმოადგენდნენ ქონდრულები — ქანის უმცირესი ფრაგმენტები, რომლებიც ძლიერი სიცხის ზემოქმედებით ჩამოყალიბდა. „ყინულის“ როლს კი ასრულებდა მატრიქსი — წვრილმარცვლოვანი, ცივი მტვერი, რომელიც წყლის ყინულსა და ორგანულ მოლეკულებს შეიცავდა.
ცნობილია, რომ მზის სისტემის ჩამოყალიბებიდან დაახლოებით 2 მილიონი წლის შემდეგ, ქონდრულებმა მატრიცაზე დომინირება დაიწყეს პლანეტესიმალების - უფრო დიდი ციური ობიექტების - ფორმირებაში, რომლებსაც პოტენციურად შეეძლოთ პლანეტებად და თანამგზავრებად გადაქცევა.
დაახლოებით 4 მილიონი წლის ნიშნულიდან მოყოლებული, ყინულოვანი მატრიცის ელემენტებმა უპირატესობის მოპოვება დაიწყეს.
ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ, რომელიც მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა ჩაატარა, პირველი გეოქიმიური მტკიცებულება მოგვაწოდა იმის შესახებ, თუ რა შემადგენლობის ნარევი ჰქონდათ კოსმოსის ჩვენს არეალში პირველი მილიონი წლის განმავლობაში წარმოქმნილ სხეულებს; აღმოჩნდა, რომ მათში დომინირებდა „ცეცხლი“ — ქონდრულები.
„ქანის ეს ყველგან გავრცელებული პატარა მარცვლები ის ძირითადი საშენი მასალაა, რომლისგანაც, საბოლოო ჯამში, თავად პლანეტები ჩამოყალიბდა“, — ამბობს იელის უნივერსიტეტის დედამიწისა და პლანეტების მკვლევარი დამანვირ გრევალი. „ახლა კი ვიცით, რომ ისინი თავიდანვე გადიოდნენ დახარისხებას და ერთიანდებოდნენ მყარი სხეულების პირველ თაობაში.“ მკვლევრებმა გააანალიზეს დედამიწაზე ჩამოვარდნილი რკინის მეტეორიტების მონაცემები, რომლებიც შეიცავს ქონდრულებისა და მატრიცის შერევის ქიმიურ „ანაბეჭდებს“. რადიოაქტიური დათარიღება, ისევე როგორც იმის ფაქტი, რომ მათი მშობელი სხეულები სრულად გადნა, მიუთითებს იმაზე, რომ ეს მეტეორიტები მზის სისტემის ჩამოყალიბების უადრეს ეტაპს განეკუთვნება.
ანალიზმა აჩვენა, რომ ეს ობიექტები ძალიან ცოტა ყინულს შეიცავდა, თუმცა მოგვიანებით წარმოქმნილ სხეულებში ყინულის რაოდენობა გაიზარდა, რაც შეესაბამება იმას, რაც ვიცით 2 მილიონი წლის წინანდელი პერიოდის შესახებ. „მზის სისტემის გარე ნაწილში არსებული უძველესი სხეულები 83-დან 92 პროცენტამდე ქონდრულებისგან შედგებოდა და შეიცავდა ძალიან მცირე რაოდენობით ყინულოვან, აქროლადი ნივთიერებებით მდიდარ მტვერს, რომელიც დომინირებს მოგვიანებით წარმოქმნილ ობიექტებში“, — ამბობს გრევალი.
კვლევითი ჯგუფი მეტეორიტებში ორ „ინდიკატორს“ ეძებდა: გოგირდის სავარაუდო შემცველობას (რომელიც ქონდრულებთან შედარებით, მატრიქსში გაცილებით დიდი რაოდენობითაა) და რკინის დაჟანგულობის ხარისხს, რაც მიუთითებს იმაზე, თუ რა რაოდენობის წყლის ყინული და დაჟანგული მტვერი იყო შთანთქმული.
ვრცლად www.sciencealert.com – ზე