The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ჩინეთმა რუსეთის თანხმობა მიიღო შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (შთო) განვითარების ბანკის შექმნის მრავალწლიანი ინიციატივის განსახორციელებლად.
გამოცემის ცნობით, რომელიც ჩინელ ოფიციალურ პირებსა და საკითხში გაცნობიერებულ დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, ახალი ფინანსური ინსტიტუტი ცენტრალური აზიის ქვეყნებში საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად შეიქმნება.
როგორც მოსალოდნელია, ბანკის ძირითადი საანგარიშსწორებო ვალუტა ჩინური იუანი იქნება.
WSJ აღნიშნავს, რომ პეკინი შთოს განვითარების ბანკის შექმნის იდეას წლების განმავლობაში აქტიურად ლობირებდა, თუმცა ინიციატივა აქამდე მოსკოვის სრულ მხარდაჭერას ვერ იღებდა. გამოცემის წყაროების ცნობით, რუსეთმა ახლა პროექტის მხარდაჭერაზე თანხმობა განაცხადა, რაც შესაძლოა რეგიონულ ფინანსურ ანგარიშსწორებებში იუანის როლი კიდევ უფრო გააძლიეროს და შთოს ფარგლებში ჩინეთის ეკონომიკური გავლენა გაზარდოს.