როგორია ბავშვთა კეთილდღეობა საქართველოში - unicef-მა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული „ბავშვთა კეთილდღეობის გამოკვლევის“ შედეგები გამოაქვეყნა.
მოცემულ ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატი“) მიერ „გაეროს ბავშვთა ფონდის“ მხარდაჭერით 2022 წლის ივლისიდან სექტემბრამდე ჩატარებული „ბავშვთა კეთილდღეობის გამოკვლევის“ შედეგები. კვლევაში ჩართული იყო 1,279 რესპონდენტი და შეგროვდა ინფორმაცია მათ შინამეურნეობაში მცხოვრებ 2.438 ბავშვზე.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ფართოდ გავრცელებული პრობლემაა საგანმანათლებლო მასალების (სასკოლო მასალების გარდა) სიმწირე. ბავშვების 45.3 პროცენტს არ აქვს მინიმუმ ერთი საგანმანათლებლო ნივთი, რომლის ქონაც სურთ, მაგრამ ვერ ახერხებენ სახსრების არარსებობის გამო. ყველაზე ხშირად ბავშვებს არ აქვთ შემდეგი საგანმანათლებლო ნივთები: ლეპტოპი/კომპიუტერი (ყველა ბავშვის 29.1 პროცენტს), რასაც მოჰყვება სახატავი საშუალებები (18.5 პროცენტს) წიგნები (16.5 პროცენტს), და მუსიკის ინსტრუმენტები (10 პროცენტს).
სასკოლო საათებში კვება მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ვინაიდან ბავშვების ერთ მეოთხედზე ოდნავ მეტი (27%) იკვებება ყოველდღიურად სკოლის საათების განმავლობაში და ბავშვების ერთ მესამედზე მეტი (34.9%) არასდროს იკვებება სკოლის საათების განმავლობაში. სკოლის საათებში საკვების არმიღება ბევრად უფრო ხშირია მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვებში (44.9%), ვიდრე ბავშვებში, ვისთანაც არ აღინიშნება მატერიალური და სოციალური დანაკლისი (28.4%). მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვებში, რომლებიც საერთოდ არ იღებენ საკვებს სკოლის საათებში, ყველაზე ხშირად ნახსენები მიზეზი არის ფინანსური პრობლემა -37.7%, ხოლო სკოლის დროს საკვების არმიღების იგივე მიზეზი მატერიალური და სოციალური დანაკლისის არმქონე ბავშვების 3.3 პროცენტს აქვს. ასევე მნიშვნელოვანი ბარიერია სკოლის სიახლოვეს კვების ობიექტის არარსებობა და ეს მიზეზი შეადგენს შემთხვევების 36.4 პროცენტს.