აშშ საქართველოს სავიზო გირაოს პროგრამაში ამატებს - საქართველოს მოქალაქეებს ტურისტული ვიზის ასაღებად $15 000-ის გირაოს გადახდა მოუწევთ. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული ცვლილება 2 აპრილს ამოქმედდება.

38-ქვეყნიან სიას, საქართველოსთან ერთად, 12 სახელმწიფო ემატება, მათი უმეტესობა აფრიკის კონტინენტზე მდებარეობს. საქართველო აღნიშნულ სიაში ერთადერთი ევროპული ქვეყანაა.

ქვეყნები სავიზო გირაოს პროგრამის სიაში მათი მოქალაქეების მიერ ვიზის პირობების დარღვევის შემთხვევების სიხშირის გამო ხვდებიან. პროგრამის მიზანი აშშ-ში არალეგალური მიგრაციის რისკების აღმოფხვრაა.

$15 000-იანი გირაო დაუბრუნდებათ იმ ვიზის მიმღებებს, რომლებიც სამშობლოში ვიზის პერიოდისა და გირაოს პირობების შესაბამისად დაბრუნდებიან, ან საერთოდ არ იმოგზაურებენ.

სიას შემდეგი ქვეყნები ემატებიან: საქართველო, კამბოჯა, ეთიოპია, გრენადა, ლესოთო, მავრიკი, მონღოლეთი, მოზამბიკი, ნიკარაგუა, პაპუა-ახალი გვინეა, სეიშელების კუნძულები და ტუნისი.

მანამდე სიაში შედიოდნენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ნამიბია, უგანდა, ტუვალუ და ა.შ.