სამცხე-ჯავახეთში ემკარის გავრცელების გამო, პირუტყვი დაიხოცა. ჯერჯერობით საუბარია ახალციხის მუნიციპალიტეტის ერთ კონკრეტულ სოფელზე, ამიტომ არ არის გამორიცხული რომ სოფელ ეშტიაში კარანტინიც გამოცხადდეს.

სამხრეთის კარიბჭე წერს, რომ ბოლო ორ კვირაში სამი პირუტყვი მოკვდა.

„თავდაპირველად საქონელი ეილებში (საზაფხულო საძოვრებზე) დაიხოცა. შემდეგ დაავადება ჩვენს სოფელშიც გავრცელდა, რადგან მოსახლეობის ნაწილმა პირუტყვი თავის დროზე არ აცრა. ამიტომ მიიღეს ეს შედეგი. აქვე გეტყვით, რომ ეშტიაში საქონლის 90% აცრილია, მოსახლეობაც ინფორმირებულია დაავადებაზე. სხვა სოფლებში გავრცელებული არ არის, რადგან საქონელი აცრილი ჰყავთ“,–აცხადებს მერის წარმომადგენელი.

ემკარი შინაური ცხოველების დაავადებაა და ის ადამიანებზე არ გადადის, თუმცა ცხოველის განკურნების შემთხვევები იშვიათია.

კიდურების პარალიზება, ფერის შეცვლა და მაღალი ტემპერატურა - ამ სიმპტომების გამოვლენიდან 48 საათის შემდეგ პირუტყვი კვდება.