საბერძნეთის მთავრობა უცხოელ ტურისტებს, რომლებიც გასულ ზაფხულს მასშტაბური ტყის ხანძრების გამო იძულებულნი გახდნენ კუნძული დაეტოვებინათ, წელს  უფასოდ დაასვენებს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

25000-მდე დაზარალებული დამსვენებლისთვის კომპენსაციები უკვე გაიცემა. ტურიზმის ადგილობრივი ოფიციალური პირების თქმით, ეს მსოფლიოში პირველი პრეცედენტია.

პროგრამის ფარგლებში, როდოსის სასტუმროებში გაჩერებული ტურისტები, საიდანაც ხანძრის გამო მათი ევაკუაცია მოხდა, ერთკვირიანი საცხოვრებელი ხარჯის დასაფარად 500 ევრომდე ღირებულების ელექტროვაუჩერის გადაცვლას შეძლებენ. ინიციატივა ორ ეტაპად, კერძოდ, მიდმინარე თვიდან 31 მაისამდე და 1 ოქტომბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით განხორციელდება.

როდოსის ტურიზმის ოფიციალური პირების ცნობით, ინიციატივამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია და პროგრამაში უკვე 5,000-ზე მეტი დამსვენებელი დარეგისტრირდა.

ამასთან, წელს საბერძნეთში პლაჟის წესები გამკაცრდა. კერძოდ, ერთ-ერთი ცვლილებით, საბერძნეთის პლაჟების 70% შეზლონგებისგან გათავისუფლდება, რომ პლაჟები არ გადაიტვირთოს და დასვენება უფრო კომფორტული გახდეს. ასევე, შეზლონგებსა და სანაპირო ზოლს შორის, მინიმუმ, ოთხმეტრიანი დისტანცია დაწესდა, რომ ადამიანებს წყალთან მისვლა გაუადვილდეთ.

ცნობისთვის, 2023 წლის ზაფხულში, ტყის მასშტაბურმა ხანძრებმა საბერძნეთის კუნძული, როდოსი მოიცვა. გავრცელებული ინფორმაციით, იმ პერიოდში 19 000 ადამიანის ევაკუირება გახდა აუცილებელი.