გეოლოგი მირიან მაკაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ღვარცოფული მოვლენები საქართველოსთვის უცხო არ არის, თუმცა როდესაც მდინარის ჭალაში ხდება შენობა-ნაგებობების, მათ შორის სასტუმროების განთავსება და ურბანულ განაშენიანებას ყურადღება არ ექცევა, მსგავსი ტრაგიკული მოვლენები გარდაუვალია.
„ძალიან სამწუხარო ფაქტია და დიდი ტრაგედიაა ჩვენი ქვეყნისთვის. აქ ორი ძირითადი რამ იკვეთება, პირველი რაც არის, ესაა, რამდენიმე ფაქტის ერთმანეთზე ზედდება, რაშიც იგულისხმება, პირველი, გლობალური დათბობის შედეგად მყინვარების ინტენსიური დნობა. მყინვარები ეს არის დიდი რაოდენობით აკუმულირებული წყლის მასა, რომელიც ინტენსიური დნობის შედეგად უცებ ათავისუფლებს დიდი რაოდენობით წყალს, რომელსაც ნაშალი მასალის უცბად აკუმულირების და წამოღების დიდი უნარი გააჩნია, თუ მას დაემთხვა დიდი რაოდენობის ნალექი იწვევს ღვარცოფული მოვლენების განვითარებას, რაც ბუნებრივი პროცესია, ეს ყოველთვის ხდებოდა და მოხდება.
აქ მეორე მთავარი ფაქტია, განაშენიანების საკითხია, რაც უკვე ჩვენი ბრალია. როდესაც არის ასეთი მასშტაბის პროვოცირების ადგილი და იქ მდინარის ჭალაში ხდება განაშენიანება, რაც მდინარეს ეკუთვნის, აქ რა თქმა უნდა პროცესების თავიდან არიდება ვერ მოხდება. როდესაც მდინარის არეალში იჭრები და განაშენიანებას ახორციელებ, გარემო თავის საქმეს გააკეთებს და ჩვენ ვერ გაგვითვალისწინებს, პირიქით, ჩვენ უნდა მოვერგოთ მას და ჩვენი შენობა-ნაგებობა და საცხოვრებელი არეალი მაქსიმალურად დავაშოროთ ამ ადგილებს.
ასეთ კურორტებზე ჩვენ გვაქვს მძიმე მემკვიდრეობა, ისინი არის საბჭოთა კავშირის დროინდელი და ეს დასახლებული არეალი არის ძველი პერიოდიდან მომდინარე. თუმცა თანამედროვე პერიოდში ის პროცესები რომლებიც მაშინ აქტიური არ იყო, გლობალურმა დათბობამ გაააქტიურა და როდესაც დღესდღეობით ამას არ ექცევა ყურადღება და მიმდინარეობს ძველი ტემპით განსახლების სიტუაციებია, ამის შედეგებს ვიწვნიეთ და მომავალშიც შეგვახსენებს თავს, ამიტომ ურბანული განაშენიანება უნდა ხდებოდეს გონივრულად“, - ამბობს მირიან მაკაძე.
შოვში, მეწყერი გუშინ, 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, შვიდი პირის ცხედარია ნაპოვნი.