„საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ჩართულობით, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და  ფსიქოტროპული ნივთიერებების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს“ – ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მებაჟე ოფიცრის მიერ, უცხო ქვეყნის  მოქალაქის ბარგის რენტგენო ინსპექტირების სკანერით დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა საეჭვო შიგთავსი, რის შემდეგაც უფლებამოსილმა პირმა განახორციელა, ბარგის სპეციალური წითელი ფერის წებოვანი სტიკერით ნიშანდება და ის დამატებით, ფიზიკურ დათვალიერებას დაექვემდებარა.

სამართალდამრღვევ მოქალაქეს, სამგზავრო ჩანთაში, 2 კილოგრამამდე ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერებები (,,მეთადონი“, „მდმა“, „კეტამინი“)  საკონდიტრო ნაწარმის ორ ჰერმეტულ შეფუთვაში ჰქონდა განთავსებული.

გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლების შესაბამისად აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.

შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა/საბაჟო ტერიტორიიდან გატანა მკაცრ კონტროლს ექვემდებარება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.