"ჩემი აქ დგომის რეალური მიზეზი პირადი შურისძიებაა", - განცხადება სააპელაციო სასამართლოს პირველ სხდომაზე გიორგი ბაჩიაშვილმა გააკეთა. ბიზნესმენი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც ბაჩიაშვილი „ბიტკოინების საქმეზე“ მოსამართლემ დამნაშავედ ცნო და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„ეს პროცესი ჩემს გარშემო 2 წლის წინ და დაიწყო მაშინ, როცა ჯერ კიდევ არსებობდა ქვეყანაში დემოკრატია, მაგრამ შემდეგ დაიწყო შურისძიება. მე უარი ვთქვი ანტიდასავლურ პროპაგანდაზე. მე ნული მაქვს მართლმსაჯულების მიმართ ნდობა, არ დარჩა არცერთი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომლის მიმართ ნდობა მაქვს. ეს გასამართლება პოლიტიკური შეკვეთის მცდელობაა.
მე პატიმარი არ ვარ, მე ვარ ტყვე ყველანაირი საერთაშორისო კანონმდებლობით... საგულდაგულოდ ქსნის საპყრობილიდან ჩამოიყვანეს ჯალათი, პირდაპირ გაიღო კამერის კარი, დამიწყო გინება და ცემა, შუშით დამუქრება. გამიტეხა თავი, ხელი გამიჭრა და მრავალი კიდევ სხვა დაზიანებაც მაქვს მიღებული. არც კამერები წარმოუდგენია ჩვენთვის ჯერჯერობით არავის და არც დაზარალებულად მაღიარეს", - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.
სააპელაციო სასამართლოში ბიზნესმენმა გაიხსენა, როგორ ჩამოიყვანეს საქართველოში ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ. - ,,მე მაშინ მომინდა ქვეყნიდან წასვლა, როცა წერილი მომივიდა, რომ ციხეში გაგჭყლიტავო. თვითმფრინავში დამხვდა ანდრი ოხანაშვილი სადაც მე ტომარა ჩამოფარებული ვიყავი. მე პატიმარი არ ვარ, მე ვარ ტყვე, ვითომ თეთრი ბოტასებითა და მაისურით რომ მიპოვეს, არის ტყუილი. ამ საქმეზე არავინ დაკითხულა და არც არანაირი პროცედურა არ ჩატარებულა. ჩემი გატაცების ამბავში ჩართული იყო სუს-ი და „აირზენა“. შემდგომ ციხეში, ქსნის ციხიდან ჩამოიყვანეს ჯალათი, რომელმაც საკანში შემოსვლისთანავე დამიწყო ცემა, გინება, შუშით ცემა და თავი გამიტეხა. მახსოვს მხედრიონის დრო, ახლა 21-ე საუკუნის მხედრიონია.
ჩემი სასამართლო სხდომები დახურული იყო, სასამართლომ საბოლოო სიტყვის უფლება წამართვა. სასამართლოს არ აინტერესებდა ჩემი პოზიცია.
ციხეში გამიწყვიტეს გარე სამყაროსთან კავშირი. ადვოკატებთან ამიკრძალეს კომუნიკაციის უფლება, რომ ვერ დამერეკა და არ მეთქვა ციხეში მომხდარის ამბავი, ასევე არ დამარეკინეს სახალხო დამცველთან.
საავადმყოფოში სიმპტომები არ ჩამიწერეს. ამაზე კი პროკურორი ამბობს, რომ ამ საქმესთან ამ ამბავს კავშირი არ აქვსო. იგივე ამ სასამართლოსთანაც, ყველანი რომ მოგვამზადეთ და შემდეგ გადადეთ პროცესი და შემდეგ ისევ ჩანიშნეთ, ჩემს ადვოკატს მოუწია უცხოეთიდან ჩამოსვლა. დრო მოგვეცით, რომ მოვემზადოთ.
ჩემს მიმართ სამართალი არც ერთხელ არ განხორციელებულა“, - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.