გეოლოგი შოთა ადამია „კომერსანტთან“ ამბობს, რომ სტიქიური უბედურებები ხდება და ამ მხრივ საქართველოს მთიანი რეგიონი გამონაკლისი არა არის, თუმცა მთავარი პრობლემა ისაა, რომ არ არსებობს მონიტორინგის სამსახური, რომელიც წინასწარ შეატყობინებდა მოსახლეობას მოსალოდნელი კატასტროფის შესახებ.
„მეწყერი ხდება იქ სადაც გეოლოგიური პირობები არის ისეთი, რომელიც შესაძლოა იოლად დაირღვეს. დარრვევა შესაძლოა სხვადასხვა მიზეზის გამო მოხდეს, მათ შორის ძლიერი წვიმის, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების შედეგად, რაიმე გათხარეს ან ააფეთქეს. მთავარი არის ის რომ იქ არ იყო, არავითარი მონიტორინგი, არ არსებობს სამსახურები რომელთაც ევალებათ მონიტორინგის ჩატარება ისეთ მოწყვლად რეგიონში, როგორიცაა შოვი. ეს საჭიროა იმისთვის რომ, გავარკვიეთ რა ვითარებაა, ხომ არ არის ჩამონგრევის, ჩამომეწყვრის ან დაგუბების საშიშროება. დაკვირვებულ სპეციალისტს შეეძლო გამოეცნო, რომ აქ რაიმე მსგავსი მოხდება, შემდეგ ამას უნდა მოჰყვეს შეტყობინება, უნდა გააფრთხილო მოსახლეობა, რომ იმ ადგილებს მოერიდოს. არცერთი მსგავსი სამსახური საქართველოში აღარ არსებობს.
გარდა ამისა, ისიც კი ვერ შეძლეს რომ შემდეგ ამ ხალხისთვის ეშველათ, ამბობენ ვერტმფრენებმა ღამით ვერ იმუშავესო, რას ნიშნავს ეს? აფრიკაშიც კი აქვს ისეთი ტექნოლოგიები რომ ღამემ არ შეუშალოს მაშველებს ხელი. წლების წინ არსებობდა მსგავსი მონიტორინგის სამსახურები, რომლებიც ახორციელებდნენ პერიოდულად შემოწმებას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, სადაც სტიქიური უბედურებები ხშირად არის მოსალოდნელი, თუმცა ახლა ასეთი რამ აღარ არსებობს, ეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა“, - ამბობს შოთა ადამია.
მუნიციპალიტეტებში გეოლოგიური სამსახურების შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს სეისმოლოგი თეა გოდოლაძეც.
შოვში, მეწყერი გუშინ, 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, შვიდი პირის ცხედარია ნაპოვნი.