ეგზოპლანეტა K2-18b-ზე არამიწიერი სიცოცხლის პოვნის იმედი სწრაფად ქრება, რადგან როგორც ახალი დაკვირვებები მიუთითებს, არ არსებობს ბიომოლეკულების დაფიქსირებადი მტკიცებულებები, რაზეც წინა კვლევები მიანიშნებდა. მეცნიერთა უმეტესობა თანხმდება, რომ წინა დასკვნები ნაადრევი იყო, მაგრამ წინა კვლევის ერთ-ერთი ავტორი ირწმუნება, რომ ახალი მონაცემები სინამდვილეში უფრო ძლიერ მტკიცებულებებს გვთავაზობს, ვიდრე წინა დაკვირვებები.
2025 წლის აპრილში, კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერმა ნიკუ მადჰუსუდანმა და მისმა კოლეგებმა განაცხადეს, რომ ჩვენგან დაახლოებით 124 სინათლის წლის მანძილზე მდებარე, დედამიწაზე ოდნავ დიდი, კლდოვანი პლანეტა K2-18b-ის ატმოსფეროში მოჩანდა დიმეთილსულფიდის (DMS) და დიმეთილდისულფიდის (DMDS) მოლეკულების ნიშნები. დედამიწაზე ამ მოლეკულებს მხოლოდ სიცოცხლე წარმოქმნის. მაშინ მადჰუსუდანი ამბობდა, რომ ეს იყო ადამიანის მიერ დანახული პირველი ნიშნები იმისა, რომ უცხო პლანეტაზე შესაძლოა სიცოცხლე იყოს.
თუმცა, როცა მოგვიანებით სხვა მკვლევრებმა ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის იგივე მონაცემები სხვა სტატისტიკური მოდელებით შეისწავლეს, ვერ მიაგნეს ამ მოლეკულების არსებობის ძლიერ მტკიცებულებას. მაგრამ მონაცემები უფრო სრულყოფილად შეისწავლეს მადჰუსუდანმა და მისმა კოლეგებმაც, რის შედეგადაც, როგორც იგი აღნიშნავს, უფრო მეტად დარწმუნდა, რომ მონაცემებს ყველაზე საუკეთესოდ სწორედ დიმეთილსულფიდი ხსნის. პლანეტაზე ახალი დაკვირვებების ჩატარების გარეშე, ასტრონომებს გადაჭრით რაიმეს თქმა უჭირთ.
ამჯერად, მადჰუსუდანს და მის კოლეგებს შეუერთდა კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარი რენიუ ჰუ და მისი ჯგუფი, რათა ერთობლივად შეესწავლათ K2-18b-ზე ჯეიმს ვების ახალი მონაცემები. დაფიქსირების სტატისტიკურ მტკიცებულებას ვერ მიაგნეს.
„კვლევა ვერ გვაძლევს დამაჯერებელი მტკიცებულებას პლანეტის ატმოსფეროში ამ მოლეკულის არსებობის შესახებ“, — ამბობს ჰუ.
მადჰუსუდანმა, ჰუმ და მათმა კოლეგებმა პლანეტა K2-18b-ის დედავარსკვლავის სინათლის შესასწავლად ჯეიმს ვების ახლო-ინფრაწითელი კამერა გამოიყენეს. პლანეტის ატმოსფეროში გავლის შემდეგ, ვარსკვლავის სინათლეს შეუძლია გვითხრას, რა მოლეკულებია იქ. ვების კამერა სინათლის სხვადასხვა ტალღის სიგრძეში აკვირდებოდა და არა მხოლოდ შუა-ინფრაწითელში, რაც წინა, აპრილის ანალიზებში გამოიყენეს. ამის შემდეგ, მონაცემები K2-18b-ის რამდენიმე სხვადასხვა მოდელის გამოყენებით დაამუშავეს; თითოეული მოდელი ეფუძნება სხვადასხვა დაშვებას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც მოიცავს სხვადასხვა მოლეკულებს და ასევე იმას, K2-18b-ის ატმოსფერო რომ წყლის ორთქლით იყოს სავსე.
დიმეთილსულფიდის შემცველმა ზოგიერთმა მოდელმა შეიძლება მონაცემები სხვა, მის გარეშე მოდელებზე ოდნავ უკეთესად ახსნას, მაგრამ ყოველთვის ასე არ აღმოჩნდა და სტატისტიკურმა მტკიცებულებამ ვერცერთ შემთხვევაში ვერ გადალახა ზღვარი, რომლის იქითაც მეცნიერები დარწმუნებით არქმევენ აღმოჩენას.
„მოდელებზე დამოკიდებულება უბრალოდ იმას მეტყველებს, რომ სიგნალი ძალიან სუსტია, თუკი რაიმე სიგნალი საერთოდაც არსებობს. უბრალოდ სიფრთხილეს გამოვიჩენდი“, — ამბობს ჰუ.
მადჰუსუდანი ეთანხმება, რომ დაფიქსირების გამოცხადებისთვის საკმარისი მტკიცებულება არ გვაქვს, მაგრამ ასევე ირწმუნება, რომ სამართლიანია, ეს მონაცემები შევადაროთ 2023 წელს ჯეიმს ვების ახლო-ინფრაწითელი კამერის მიერ ჩატარებულ დაკვირვებებს და არა აპრილში შუა-ინფრაწითელი კამერის მიერ შეგროვებულს; ამ შემთხვევაში, დიმეთილსულფიდის მტკიცებულება უფრო ძლიერად გამოიყურება.