ქართულ-სომხური საფეხბურთო დაპირისპირების მეორე რაუნდი-დიდ სპორტულ სანახაობამდე საათზე ნაკლები რჩება.

18:00 საათიდან მთელი ქვეყნის ყურადღების ცენტრში დინამო არენა იქნება, სადაც ჯვაროსნები ქართველ გულშემატკივარს კიდევ ერთ ლამაზ თამაშს აჩუქებენ.

საქართველოს და სომხეთის ეროვნული ნაკრებები უკვე დინამო არენაზე იმყოფებიან. სტადიონი ივსება გულშემატკივრებითაც.

დღევანდელი მატჩისთვის ყველა ბილეთი გაყიდულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელებს გადავსებული ტრიბუნების წინ მოუწევთ თამაში.

მატჩს დაესწრება სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანიც.

როგორც ქომაგები ამბობენ, მატჩის ბედი გადაწყვეტილია, რადგან  პირველი შეხვედრა ერევანში საქართველოს ნაკრებმა დამაჯერებელი ანგარიშით გაიმარჯვა და B დივიზიონში დარჩენის შანსიც მაქსიმალურად გაზარდა.

ქართველი გულშემატკივრები საკუთარი გუნდის გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან, თუმცა, მიაჩნიათ, რომ მათი გამხნევება მაინც აუცილებელია:

“ემოციებით სავსე იქნება, მაქსიმალურად ვეცდებით, გავამხნევოთ ჩვენი ბიჭები და რა თქმა უნდა მოვიგებთ“.

“პირველი მატჩიდან გამომდინარე, მგონია, რომ იგივე თამაში იქნება, შესაძლოა სომხებმა ერთი გოლი გაიტანონ, მაგრამ მაინც დიდი ანგარიშით მოვიგებთ. “

“ჩვენს მოედანზე ვთამაშობთ და დარწმუნებული ვარ, ორმაგად უფრო საინტერესო იქნება. წარმატებები ბიჭებს და აუცილებლად, კარგ შედეგს დავდებთ.“

გუნდის თავკაცმა, ვილი სანიოლმა ცოტა ხნის წინ ნაკრების ძირითადი შემადგენლობა დაასახელა და როგორც ცნობილია, ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია და გურამ კაშია დაუბრუნდებიან, რომლებმაც, დისკვალიფიკაციის გამო, სომხეთთან პირველი მატჩი გამოტოვეს.

ცნობისთვის, საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების დღევანდელი მატჩის რეჟისორი კახა მელიქიძე არ იქნება. ინფორმაცია "პირველებისთვის" ცოტა ხნის გახდა ცნობილი.

ირკვევა, რომ რეჟისორი სპეციალურად თურქეთიდან არის მოწვეული.

მელიქიძემ საზმაუს ბორდის სხდომაზე ადმინისტრაცია ღიად ამხილა და თქვა, რომ მას საქართველოს ნაკრების თამაშის დროს კადრში ირაკლი კობახიძის გამოჩენას სთხოვდნენ. მან ასევე თქვა, რომ შენივნა მიიღოს იმის გამო, რომ ეთერში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რამდენჯერმე გამოაჩინა. მელიქიძის თქმით, ეს მოთხოვნები UEFA-ს წესებს ეწინააღმდეგებოდა. 

წყარო: tvpirveli.ge