ზუსტად სად გადის ირმის ნახტომის საზღვარი? ამ კითხვაზე პასუხი იმაზე რთულია, ვიდრე შეიძლება წარმოგედგინოთ.

ვინაიდან ჩვენ თავად გალაქტიკის შიგნით ვართ, ნამდვილად ძნელია დაადგინო, სადაა მისი საზღვარი. თუმცა, ეს საკითხი კიდევ უფრო რთულდება, როცა განვსაზღვრავთ, რა არის თავად ეს კიდე (საზღვარი) — გალაქტიკა უფრო ნაკლებად მკრივი ხდება, რაც უფრო შორს მივდივართ მისი ცენტრიდან.

მალტის უნივერსიტეტის მეცნიერები ფიქრობენ, რომ ახალ კვლევაში პასუხს მიაგნეს.

„კიდე“ შეიძლება განისაზღვროს, როგორც ვარსკვლავთწარმომქმნელი რეგიონი და ამ პუბლიკაციაში, მკვლევრებმა ძლიერ მკაფიოდ აჩვენეს, რომ გალაქტიკის „კიდე“ უნდა მდებარეობდეს ცენტრიდან დაახლოებით 40 000 სინათლის წლის (11,28 – 12,15 კილოპარსეკი) მანძილზე.

თუმცა, ამ კიდის პოვნაც არ იყო ადვილი ამოცანა.

მკვლევრებმა შეისწავლეს 100 000-ზე მეტი გიგანტური ვარსკვლავის ასაკი რამდენიმე სხვადასხვა პროექტის, მათ შორის APOGEE-DR17-ის, LAMOST-DR3-ის და „გაიას“ მიერ შეგროვებულ მონაცემებში.

მონაცემებში მათ მიაგნეს საინტერესო ამბავს გალაქტიკაში ვარსკვლავთა ადგილმდებარეობის ევოლუციისა და მათი ასაკის შესახებ.

ეს კავშირი შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც U მრუდი. ამ შემთხვევაში, Y ღერძი ასაკია და X ღერძი არის მანძილი გალაქტიკის ცენტრიდან.

მარტივად ეს იმას ნიშნავს, რომ გალაქტიკის ცენტრის სიახლოვეს არსებული ვარსკვლავები უფრო ძველია, გარკვეულ წერტილამდე თანდათან ახალგაზრდავდებიან, შემდეგ კი კვლავ ძველი ვარსკვლავები მოდის.

ავტორთა განცხადებით, ეს „გარკვეული წერტილი“ არის გალაქტიკის ვარსკვლავთწარმომქმნელი რეგიონის დასასრული და შესაბამისად, გალაქტიკის „კიდე“.

მაშ, რატომ არსებობს U-ს მრუდი? მიზეზი რამდენიმეა.

გალაქტიკის შუაგულში, ცენტრალური შავი ხვრელის სიახლოვეს, უფრო მეტი გაზი და მტვერი იყო, რამაც ვარსკვლავთა წარმოქმნის უფრო ადრე დაწყება განაპირობა და შესაბამისად, ამიტომაა იქ ხანდაზმული ვარსკვლავები.

მისგან უფრო შორს, გაზი და მტვერი უფრო მიმოფანტულია, უფრო ნელია გრავიტაციული მიზიდულობა, რომელიც ვარსკვლავთა წარმოქმნას უწყობს ხოლმე ხელს. შესაბამისად, „კიდისკენ“ სულ უფრო და უფრო ახალგაზრდა ვარსკვლავები გვხვდება.

თუმცა, რა ხდება კიდის მიღმა? რატომ არის იქ ვარსკვლავები მაინც და რატომ არიან ისინი ხანდაზმულები?

მარტივი პასუხი ისაა, რომ გალაქტიკის „კიდის“ მიღმა, შორეულ მისადგომებში მიგრანტი ვარსკვლავები გვხვდება, რომლებიც ვარსკვლავთწარმომქმნელ რეგიონებში არიან დაბადებული და შემდეგ, სხვადასხვა მიზეზით გალაქტიკის გარე მისადგომებში გადასულები.

პუბლიკაციის მიხედვით, ამ მიგრაციის ორი ძირითადი მიზეზია თავად სპირალური მკლავების გრავიტაციული ძალები ან გალაქტიკის „ცენტრალური ტანი“, რომელსაც შეუძლია ვარსკვლავთა გაგდება გალაქტიკის ვარსკვლავთწარმომქმნელი რეგიონიდან.

მიუხედავად იმისა, რომ გალაქტიკის შიდა რეგიონები ძველი ვარსკვლავებისგან შედგება, ასეა გარე რეგიონების შემთხვევაშიც, რადგან ვარსკვლავები იქ მილიარდობით წლის წინ „გადასახლდნენ“.

საინტერესოა, რატომ არის ვარსკვლავთწარმოქმნის მკაფიო „გამყოფი“ ცენტრიდან 40 000 სინათლის წლის დაშორებით? პუბლიკაცია სამ მიზეზს გვთავაზობს.

პირველია გალაქტიკის ცენტრალური ტანის გარე ლინდბლადის რეზონანსი, რომელიც ხელს უშლის გაზის მიმოქცევას და მას გალაქტიკის შიდა ნაწილში გამოამწყვდევს.

მეორეა ის, რომ ასეთ მანძილზე გალაქტიკის სიბრტყე განიცდის „გალაქტიკურ გამრუდებას“, რაც იწვევს გაზის დიფუზიას კიდევ უფრო დიდ ფართობზე.

მესამე ახსნა კი ისაა, რომ იქ თავად გაზი შეიძლება ზედმეტად თხელდება და ვეღარ ახერხებს გაციებას და ვარსკვლავთწარმომქმნელ რეგიონებად აკრეციას.

ამ მახასიათებლებს საინტერესო გავლენები აქვს თავად გალაქტიკაზე.

ის მკაფიოდ განსაზღვრავს ირმის ნახტომს II ტიპის დისკურ გალაქტიკად; სწორედ ასეთი სახისაა გალაქტიკათა დაახლოებით 60 პროცენტი ადგილობრივ სამყაროში.

მაგრამ ალბათ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს ყველაფერი ირმის ნახტომის უფრო ფართი ამბის გაგებაში.

კვლევა Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით.

წყარო: პირველი არხი