2022 წლის 13 ოქტომბრიდან 2023 წლის 26 აპრილამდე პერიოდში რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 543 მიწის ნაკვეთი და 4 745 ბინა იყიდეს. ინფორმაციას საჯარო რეესტრის სააგენტოს პასუხშია მოცემული, რომელიც უწყებამ პარლამენტის წევრის თამარ კორძაიას კითხვის პასუხად მოამზადა.
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ელექტრონული მონაცემებით, 2022 წლის 13 ოქტომბრიდან 2023 წლის 26 აპრილამდე პერიოდისთვის ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირდა 8872 რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. წილის მესაკუთრის ან/და დამფუძნებლის სახით რუსეთის ფედერაციის 889 მოქალაქის მონაწილეობა დარეგისტრირდა 646 იურიდიულ პირში. ხელმძღვანელი/წარმომადგენლის ან/და მმართველი ორგანოს წევრის სახით, რუსეთის ფედერაციის 638 მოქალაქის მონაწილეობა დარეგისტრირდა 563 იურიდიულ პირში.
„უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, 2022 წლის 13 ოქტომბრიდან 2023 წლის 26 აპრილამდე პერიოდისთვის:
3878 რუსეთის ფედერაციის მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 4745 საცხოვრებელ ბინა/ერთეულზე.
543 მიწის ნაკვეთზე, რომელზედაც არ არის განთავსებული შენობა-ნაგებობა, დარეგისტრირდა 404 რუსეთის ფედერაციის მოქალაქის საკუთრების უფლება. მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი შეადგენს 104.098 კვ.მ-ს;
ხოლო, 886 მიწის ნაკვეთზე, რომელზედაც განთავსებულია შენობა-ნაგებობა, დარეგისტრირდა 829 რუსეთის ფედერაციის მოქალაქის საკუთრების უფლება. მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი შეადგენს 118.213 კვ.მ-ს.
ამასთან, 2022 წლის 1 მარტიდან 2023 წლის 26 აპრილამდე პერიოდისთვის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა საკუთრებაში რეგისტრირებული შენობა-ნაგებობის გარეშე მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობია 265.049 კვ.მ; ამავე პერიოდისთვის შენობა-ნაგებობებიანი მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობია 209.600 კვ.მ; ხოლო საცხოვრებელი ბინა/ერთეულების ჯამური ფართობი: 424449.823 კვ.მ“, - აღნიშნულია საჯარო რეესტრის პასუხში.