„დიდი ინტერესით ველოდები ლონდონის სასამართლოს იმ სხდომას, სადაც ქართველი ექსპერტი დაიკითხება, რომელმაც სასამართლო უნდა დაარწმუნოს, რომ ნათია ჯანაშია ვერ სარგებლობს საქართველოში სამართლიანი სასამართლოს უფლებით, რადგან საქართველოში ოლიგარქიული ხელისუფლებაა ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, რომელმაც ქვეყანა ევროპულ ორბიტას მოსწყვიტა და რუსეთისკენ მიაქანებს და რადგან სასამართლო სისტემის ყველა წევრი არასანდოა, გამომდინარე იქედან, რომ რამდენიმე მოსამართლე დასანქცირებულია“, - ამბობს ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე მედიაში გავრცელებული იმ ცნობების კომენტირებისას, საიდანაც გაცხადდა, რომ 21 ივლისს ლონდონში გამართული სასამართლოს პირველ მოსამზადებელ სხდომაზე ნათია ჯანაშიას მხოლოდ ერთი შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. კერძოდ ის, რომლის თანახმადაც სასამართლო დაკითხავს მის მიერ წარდგენილ ქართველ ექსპერტს, რომელმაც სასამართლო უნდა დაარწმუნოს იმ გარემოებათა მართებულობაში, რომელთა გამოც ნათია ჯანაშიას სარჩელი აუცილებლად ლონდონში უნდა გაირჩეს.
როგორც ცუცქირიძემ აღნიშნა, იმთავითვე ნათელი იყო, რომ ნათია ჯანაშიას მიერ ლონდონში წამოწყებული სამართლებრივი დავა არ იყო იზოლირებული პოლიტიკური პროცესებისგან.
„თავად განსაჯეთ - დავა ინგლისში ინიცირდება მაშინ, როცა საქართველოში კრიტიკული ვითარებაა. ესაა 2025 წლის თებერვალ-ივნისის პერიოდი. ქვეყანა ერთდროულად აღმოჩნდა შიდა პოლიტიკური ლეგიტიმაციის კრიზისისა და საგარეო სტრატეგიული ნდობის ეროზიის პირობებში. და ეს არ ყოფილა მხოლოდ ოპოზიციური პროტესტი ახალი არჩევნების მოთხოვნით. ეს პროცესი გაცილებით უფრო რადიკალურ ფაზაში გადავიდა, რაც გამოიხატა პარლამენტის ბოიკოტის მოწოდებებში, გაფიცვებისკენ საჯარო მოწოდებებსა და სახელმწიფო ინსტიტუტების დატოვების კამპანიაში. აღნიშნული დინამიკა ქმნიდა სახელმწიფოს ფუნქციობის პარალიზების რეალურ რისკს.
სწორედ ამ დროს შედის ნათია ჯანაშია სარჩელით ლონდონში და იმისათვის, რომ როგორმე სასამართლო დაარწმუნოს სარჩელის არსებითად განხილვის აუცილებლობაში, მიდის ყველაფერზე. სარგებლობს დამძიმებული შიდა პოლიტიკური ვითარებით და საკუთარ თავსა და მის ბიზნესდავასაც იმდროინდელ პოლიტიკურ კონტექსტს ისე უკავშირებს, რომ მაქსიმალურ სამართლებრივ დივიდენდს გამორჩეს“, - აღნიშნავს ანალიტიკოსი.
„აქ მახსენდება 2025 წლის თებერვალში გამოქვეყნებული ბრიტანული „ტელეგრაფის“ სტატიაც, რომელიც რედაქციამ, სავარაუდოდ, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან შეუსაბამო, მალევე წაშალა ვებგვერდიდან (თუმცა „ციფრული კვალი“ დღემდე თვალსაჩინოა).
სტატია იმით იქცევდა ყურადღებას, რომ მასშიც აქცენტი გაკეთებული იყო საქართველოს ხელისუფლების მიერ პროდასავლური კურსიდან გადახვევაზე და ა.შ. და იქვე ნათია ჯანაშია იყო მოხსენიებული იმავე კონტექსტში, როგორც სისტემის მიერ ჩაგრული.
ცხადი იყო, რომ საქმე გვქონდა ორგანიზებულ მცდელობასთან, შექმნილიყო ერთიანი სურათი, სადაც პოლიტიკური, ეკონომიკური და საინფორმაციო პროცესები ერთმანეთთან გადაჯაჭვულად ისე იქნებოდა წარმოდგენილი, რომ ნათია ჯანაშია და მისი კონკრეტული ბიზნესდავა აღქმული ყოფილიყო, როგორც სისტემის სამიზნე.
ნათია ჯანაშია, საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეში, დღესაც ამ ხაზს მისდევს, თუმცა ძალიან მეეჭვება, რომ მისმა წარდგენილმა ექსპერტმა, რომელსაც ლონდონის სასამართლოში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოსვლა მოუწევს, მას რაიმე საგნობრივი შედეგი მოუტანოს“, - აღნიშნა გიორგი ცუცქირიძემ