საქართველოში დედის რძის პირველი ბანკი ამოქმედდა, პროექტი იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში გაიხსნა და ამ ეტაპზე მხოლოდ აჭარაში დაბადებული ჩვილებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ინიციატორების განცხადებით, უახლოეს მომავალში დედის რძის კიდევ ერთი ბანკის გახსნა თბილისში იგეგმება.
დონორული რძით მხოლოდ დღენაკლული ახალშობილების კვება იქნება შესაძლებელი. ჩვილებს დედის რძეს სტაციონარში მხოლოდ ექიმის გადაწყვეტილებისა და შესაბამისი სამედიცინო ჩვენების საფუძველზე მიაწვდიან.
დედის რძის ბანკი ბათუმში ოფიციალურად 10 ივლისს გაიხსნა. იდეის განხორციელებაზე იაშვილის სახელობის ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო სოლომონიამ და იაშვილის ამბულატორიული სამსახურის ხელმძღვანელმა ეკა კანდელაკმა მუშაობა ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყეს, თუმცა პროექტის განვითარება პანდემიის გამო შეფერხდა.
დედის რძის ბანკები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემის ნაწილია. პირველი ასეთი დაწესებულება 1909 წელს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიხსნა. დღეს მსოფლიოს მასშტაბით 60-ზე მეტ ქვეყანაში 700-ზე მეტი დედის რძის ბანკი ფუნქციონირებს და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO), UNICEF-ისა და სხვა საერთაშორისო სამედიცინო ორგანიზაციების რეკომენდაციებით, იმ შემთხვევაში, როდესაც დედას არ შეუძლია ახალშობილის საკუთარი რძით კვება, უპირატესობა სპეციალურად დამუშავებულ და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით შენახულ დონორის რძეს ენიჭება, ვიდრე ხელოვნურ ნარევს.
დედის რძის ბანკების ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მოდელად ბრაზილიის სისტემა სახელდება. ქვეყანაში 230-ზე მეტი ასეთი ბანკი და ასობით რძის შეგროვების პუნქტი მუშაობს. საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, ამ მიდგომამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი დღენაკლულ ბავშვებში სიკვდილიანობისა და მძიმე გართულებების შემცირებას.
მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში დედის რძის დონაცია უანგაროდ ხორციელდება. ევროპაში, კანადაში, ბრაზილიასა და სხვა სახელმწიფოებში ქალები რძეს უსასყიდლოდ აბარებენ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მხოლოდ ტრანსპორტირების ან შეგროვებისთვის საჭირო მასალების ხარჯები ანაზღაურდებათ.