Alphabet-მა 2026 წლის მეორე კვარტლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კომპანიამ ზედიზედ მეთორმეტე კვარტალში შემოსავლების ორნიშნა ზრდა დააფიქსირა. ზრდის მთავარი მამოძრავებელი კვლავ Google Cloud-ის ძლიერი შედეგები და ხელოვნური ინტელექტის პროდუქტებზე გაზრდილი მოთხოვნაა.

კომპანიის ინფორმაციით, მეორე კვარტალში Alphabet-ის შემოსავალმა 119.8 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 24%-იან მატებას გულისხმობს და FactSet-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსების $117-მილიარდიან პროგნოზს აღემატება.

Alphabet-მა ერთ აქციაზე 9.11 დოლარის მოგება (EPS) გამოაცხადა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის ოთხჯერ მეტია და მნიშვნელოვნად აღემატება ანალიტიკოსების პროგნოზს, რომელიც 2.88 დოლარს შეადგენდა.

განსაკუთრებით ძლიერი შედეგები აჩვენა Google Cloud-მა, რომლის შემოსავალი 82%-ით გაიზარდა და 24.8 მილიარდ დოლარს მიაღწია. მაჩვენებელი ამ შემთხვევაშიც აღემატება ანალიტიკოსების $22.4-მილიარდიან მოლოდინს. კომპანიის ინფორმაციით, Google Cloud-ის საოპერაციო მოგება სამჯერ გაიზარდა და 8.8 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც AI-ინფრასტრუქტურასა და ხელოვნური ინტელექტის პროდუქტებზე მაღალი მოთხოვნით აიხსნება.

Alphabet-ის აღმასრულებელი დირექტორის, სუნდარ პიჩაის განცხადებით, კომპანიის ხელოვნური ინტელექტის მოდელ Gemini-ს თვეში უკვე 950 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. შედარებისთვის, 2025 წლის მეოთხე კვარტლის ბოლოს ეს მაჩვენებელი 750 მილიონს შეადგენდა.

მიუხედავად ძლიერი ფინანსური შედეგებისა, ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ Alphabet-ის აქციები დაახლოებით 3%-ით გაუფასურდა. თუმცა Deepwater Asset Management-ის ანალიტიკოსი ჯინ მიუნსტერი მიიჩნევს, რომ აქციების ფასი შესაძლოა მომდევნო სავაჭრო სესიაზე გაიზარდოს. მისი შეფასებით, Google Cloud-ის შემოსავლების შედეგი „ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი იყო და მან მოლოდინს გადააჭარბა.“

Alphabet-ი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მასშტაბური ინვესტიციების განხორციელებას განაგრძობს. კომპანიის კაპიტალურმა დანახარჯებმა მიმდინარე კვარტლის ბოლოსთვის 44.9 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ორჯერ მეტია. ადრე გამოქვეყნებული შეფასებების მიხედვით, Alphabet-ი, Amazon-ი, Microsoft-ი და Meta მიმდინარე წელს AI-ინფრასტრუქტურასა და ტექნოლოგიებში ჯამურად 750 მილიარდ დოლარამდე ინვესტირებას გეგმავენ.

წყარო forbes.ge